
ისრაელის ულტრამემარჯვენე ჯგუფები დღეს აღმოსავლეთ იერუსალიმში დროშებით მსვლელობას მოაწყობენ. რამდენჯერმე გადადებული მარშის ჩატარება პალესტინელებთან მორიგი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. დაპირისპირებამ შესაძლოა განაახლოს ძალადობა ისრაელსა და ღაზას სექტორის შეიარაღებულ ძალებს შორის.
მარშის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავენ პალესტინელები. მაჰმუდ აბასმა მოსახლეობას ძველ ქალაქში შეკრებისკენ და მარშის ჩაშლისკენ მოუწოდა. ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა პალესტინელებმა მარშს “პროვოკაცია” უწოდეს და “რისხვის დღე” დააანონსეს. ჰამასის დაჯგუფება კი საომარი მოქმედებების განახლების საფრთხეზე საუბრობს.
“ჩვენ ვაფრთხილებთ იმ საშიში შედეგების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს საოკუპაციო ძალების განზრახვამ, ნება დართონ ექსტრემისტ ისრაელელებს, მოაწყონ დროშებით მსვლელობა ოკუპირებულ იერუსალიმში”,- წერს პალესტინის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.
დაგეგმილი მსვლელობა დიდი გამოწვევაა ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტისთვის, თუმცა მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარშის ჩატარების ნებართვა გასცა.
მარშის ოფიციალური მარშრუტი ჯერ არ არის გამოცხადებული. ისრაელის მედია იტყობინება, რომ პოლიცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს, შეიკრიბონ ძველი ქალაქის კარიბჭის წინ, მაგრამ მათ პალესტინელებით დასახლებული მაჰმადიანთა კვარტლისკენ გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს ძველ ქალაქში გადაადგილება აუკრძალა.