LIVE

ჰარცელი: ქართული ღვინო უნდა იყიდებოდეს პრემიუმ სეგმენტში, მაღალ ფასად

14 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1356
ჰარცელი: ქართული ღვინო უნდა იყიდებოდეს პრემიუმ სეგმენტში, მაღალ ფასად

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ  ქართული ღვინო პრემიუმ სეგმენტში, მაღალ ფასად უნდა იყიდებოდეს და ამასთან, ხარისხიც აუცილებლად მაღალი უნდა იყოს.

როგორც კარლ ჰარცელმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქართული ღვინო ძალიან მიმზიდველი პროდუქტია ევროკავშირის ბაზარზე.

„საქართველო ვერ გაუწევს კონკურენციას ჩილეს ან სამხრეთ აფრიკას ღვინის წარმოების მოცულობით. საქართველოს ნიშა უნდა იყოს ქვევრის ღვინო, რომელსაც საშუალოზე მაღალი კლასის ევროპელი პარასკევ საღამოს ვახშამზე გამოიტანს და სტუმრებს ქვევრის ისტორიას მოუყვება. ქართული ღვინო უნდა იყიდებოდეს პრემიუმ სეგმენტში, მაღალ ფასად, მაგრამ ხარისხიც აუცილებლად უნდა იყოს მაღალი და ეს არ უნდა იცვლებოდეს დროთა განმავლობაში. ვერავინ უნდა თქვას, რომ ის სანდო არ არის, რადგან ცუდი ბოთლი შეხვდა. იგივე შემიძლია ვთქვა თაფლზეც, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე იყიდის ქართულ თაფლს და მიიტანს საჩუქრად მეგობართან, მაგიდასთან ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ქართული თაფლი ნამდვილად განსაკუთრებულად კარგია. სწორედ აქ არის საქართველოს პოტენციალი“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.