LIVE

როგორ შეუქმნის ბაიდენი პუტინს დისკომფორტს ჟენევაში შეხვედრის დროს?

15 ივნ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1574
როგორ შეუქმნის ბაიდენი პუტინს დისკომფორტს ჟენევაში შეხვედრის დროს?

თეთრი სახლის ადმინისტრაციას სურს, პუტინ-ბაიდენის შეხვედრა იქცეს ნაბიჯად რუსეთთან “პროგნოზირებადი და სტაბილური” ურთიერთობის აღდგენისკენ. ისევე, როგორც მისი მრავალი წინამორბედი, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ უკეთეს ურთიერთობას პუტინთან, აშშ-ს პრეზიდენტი იმედგაცრუებული დარჩება.

ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ პუტინს არ აინტერესებს გადატვირთვის პოლიტიკა, სტაბილური ურთიერთობები, ან ამერიკელ კოლეგასთან ერთად სანაპიროზე ხანგრძლივი გასეირნება. კრემლი ცდილობს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით იყოს დესტაბილიზაციის ძალა და არასანდო ოპონენტი. შეხვედრის წინა რუსეთის მოქმედებები მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ამ პოზიციის შეცვლა უახლოეს მომავალში არ მოხდება.

დაგეგმილი სამიტი უკვე იქცა ვლადიმერ პუტინის პიარ გამარჯვებად ქვეყნის შიგნით. რუსული მედია წერდა, რომ ბაიდენი პუტინს სასოწარკვეთილი ხვდება. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რომლმაც ჰელსინკში პუტინით აღტაცებით ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სამიტი მოაწყო, ბაიდენს რუსეთის ლიდერის შესახებ მკაფიო ხედვა აქვს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბაიდენი დაზღვეულია წარუმატებელი “გადატვირთვისგან” წინამორბედების მსგავსად. შეხვედრაზე ბაიდენს აქვს ძირითადი უპირატესობა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელიდან გაუშვა: ალიანსები. ბაიდენმა უნდა გამოიყენოს შეხვედრები აშშ-ს მოკავშირეებთან - G7-თან, NATO-სა და ევროკავშირთან, რათა შეეცადოს, ჰქონდეს კოორდინირებული მიდგომა კონკრეტული შედეგებით.

ჟენევის სამიტი მართლაც შანსია ახალი ურთიერთობებისთვის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. აშშ, მოკავშირეების მხარდაჭერით, განსაზღვრავს დღის წესრიგს დემოკრატიის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების მკაფიო და სავალდებულო წითელი ხაზების მითითებით. 

პირველ რიგში, ბაიდენი უნდა ჩავიდეს ჟენევაში G7-ის მოკავშირეების, NATO-სა და ევროკავშირის ახალი შეთანხმებით, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ფულის გათეთრება და კლეპტოკრატია იქნება ალიანსის პრიორიტეტი. უკანონო დაფინანსებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციით, დასავლეთის ეკონომიკა ძირს უთხრის რუსეთის მავნე გავლენას საზღვარგარეთ და ხელს შეუწყობს დემოკრატიის მდგრადობას დასავლეთის სახელმწიფოებში. ბაიდენის ბოლოდროინდელი ეროვნული უსაფრთხოების კვლევის მემორანდუმი (NSSM), რომელიც კორუფციასთან ბრძოლას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ინტერესად აცხადებს, პერსპექტიული დასაწყისია, მაგრამ ამის განსახორციელებლად კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ტრანსატლანტიკური კოორდინაცია გადამწყვეტი იქნება ნებისმიერი წარმატებული ძალისხმევისთვის.

აშშ-ს ასევე შეუძლია სანქციების დაწესება ანტიკორუფციული დღის წესრიგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გახდა რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური იარაღი სანქციები ყველაფერზე, ყირიმის ანექსიიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევამდე, შეერთებულმა შტატებს მიზანში ჯერ არ ამოუღია კრემლის ოლიგარქიული ქსელები, რაც პუტინის ძალაუფლებას უმაგრებს ზურგს. ალექსეი ნავალნიმ, ანტიკორუფციულმა აქტივისტმა და ოპოზიციის ლიდერმა, ბაიდენს შესთავაზა ამ მიდგომის პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალი. სახელმწიფო დეპარტამენტმა და საბიუჯეტო ოფისმა უკვე ჩაატარეს მნიშვნელოვანი გამოკვლევები. მზარდია ორპარტიული მხარდაჭერა ამ სტრატეგიის მიმართ. ურთულესი ნაწილი იქნება ევროპელი მოკავშირეების დარწმუნება, ამიტომ უახლოეს დღეებში G7-სა და ევროკავშირის სამიტებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ერთიანი ალიანსის შექმნას.

მეორე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები წარმართავს მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას. ამ დაპირების შესასრულებლად, უნდა დაუპირისპირდეს პუტინს რუსეთში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სასტიკი ანგარიშსწორების გამო. ნავალნის მოწამვლა, ყალბი სასამართლო პროცესი და დაკავება კრემლის განახლებული და სასტიკი მცდელობაა ოპოზიციური ხმების ჩახშობისთვის. 4 ივნისს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ექსტრემისტული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ნებისმიერი ორგანიზაციის ან პირის კრიმინალიზება. ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია და მასთან ასოცირებული პირები ახლა რუსეთში ექსტრემისტებად განიხილებიან.

კრემლი ზეწოლას ახდენს ამერიკულ კომპანიებზე, როგორებიცაა Google, Twitter და Facebook, რომ ამოიღონ ან დაბლოკონ კონტენტი, რომელიც უკანონოდ მიაჩნიათ - ანტისამთავრობო შინაარსის ევფემიზმი. აშშ-ში დაფუძნებული სოციალური მედია პლატფორმები საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ადამიანებს, როგორიცაა ნავალნი, ხმა მიაწვდინოს რუს ხალხს. ოპოზიციის ლიდერის YouTube ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. კომპანიებმა წინააღმდეგობა გაუწიეს კრემლს, მაგრამ საჭიროა აშშ-ის მთავრობა და მოკავშირეები გვერდში დაუდგნენ მათ. პრეზიდენტმა შეხვედრა დუმილის დასარღვევად უნდა გამოიყენოს. 

მესამე, ბაიდენმა უნდა განუმარტოს პუტინს, რომ ის პასუხისმგებელია რუსეთიდან მომდინარე კიბერშეტევებზე, იქნება ეს სახელმწიფოს დაკვეთით თუ არა. ასევე, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ჰაკერულ თავშესაფრებს, რომლებიც კრიმინალურ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ენერგეტიკულ, სურსათისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ბოლოდროინდელი თავდასხმები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ზემოქმედებენ კიბერთავდამსხმელები რუსეთის დაკვეთით რიგითი ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსეთის მთავრობა ხშირად სთავაზობს თანამშრომლობას აშშ-ს, ისევე როგორც მელია სთავაზობს ქათმებს თანამშრომლობას წიწილების გადანაწილებაში, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა აწარმოოს კიბერ შემაკავებელი პოლიტიკა, მოახდინოს მკაფიო ანგარიშსწორება და შემდგომი კიბერშეტევის პრევენცია.

ბაიდენს მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს სამიტებზე. მან უნდა აღადგინოს შტატების პოზიციები მსოფლიო ასპარეზზე. ამ მხრივ, ჟენევის სამიტი ყველაზე რთული იქნება. მოსკოვისთვის მხოლოდ იმის ახსნა, თუ სად გადის “წითელი ხაზები” და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაკვეთას, უეჭველად გამოიწვევს უსიამოვნო საუბარს და არა შეთანხმების ჩვეულ მანიფესტაციებს, რასაც დიდი სამიტებიდან ველოდით.