LIVE

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შესაძლოა, გადასახადები გაეზარდოთ

13 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1338
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შესაძლოა, გადასახადები გაეზარდოთ
mprnews

Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს საკმარისი რესურსი აქვს კოსმოსში გასაფრენად. ასევეა ელონ მასკიც.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დიდი ხნის წინ ჩამოიტოვეს პლანეტის აბსოლიტური უმეტესობა მრავალი თვალსაზრისით.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 500 ადამიანი ახლა $8.4 ტრილიონს ფლობს, რაც 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გლობალური პანდემია დაიწყო. ამის მიუხედავად, ეკონომიკის უდიდესი გამარჯვებულები, ტექნოლოგიური კორპორაციები, რომლებმაც  ეს უდიდესი დოვლათი შექმნეს, იხდიან იმაზე მცირე გადასახადებს, ვიდრე სურსათის გამყიდველები, ხოლო მათ მეგა მდიდარ დამფუძნებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სამართლებრივი ხარვეზები, რათა უზარმაზარი ქონება მემკვიდრეებს გადასახადების გადახდის გარეშე გადასცენ.

ამჟამად, ჯგუფი, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ტექნოლოგიური ტიტანების უზენაესობას დაუპირისპირდეს ზომების მიღების ზღვარზეა. დიდი შვიდეულის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, ინგლისში ხვდებიან, სადაც ისინი სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გლობალურად არსებული საგადასახადო სისტემის ხარვეზების გამოსწორებას.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების რეალურად განხორციელებას ჯერ კიდევ სჭირდება დამტკიცება სახელმწიფოების უფრო დიდი ჯგუფისგან, მათ შორის ჩინეთისგან, G-7-ის შეთანხმება წარმოადგენს ისტორიულ შემობრუნებას მრავალეროვნული კორპორაციებისთვის ათწლეულების განმავლობაში ბერკეტების შემცირების შემდეგ.

”მრავალეროვნული კომპანიებისთვის და უმდიდრესი ადამიანებისთვის ძალიან ადვილია გადასახადისგან თავის დაღწევა. დიდი შვიდეული აჩვენებს, რომ დადგა დრო პოლიტიკოსები ხელისუფლებას დაუბრუნდნენ. აქ არის შესაძლებლობის ფანჯარა, გარდამტეხი მომენტი, როდესაც ისინი ხვდებიან, რომ მათ სჭირდებათ საგადასახადო ძალა და უფრო მეტი უნდა დახარჯონ“,- განაცხადა ფილიპ მარტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა.

ეს გარიგება ხელს შეუწყობს ბაიდენის გეგმებს, რათა გაზარდოს გადასახადები კორპორაციებსა და შეძლებულ პირებზე, მათ მემკვიდრეებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ხოლო ინვესტორებსა და მშრომელებს შორის განაკვეთები გათანაბრდება.

ამგვარი წინადადებები გლობალური ინიციატივების ნაწილია, რომელიც პლანეტის უმდიდრეს ადამიანებისთვისაა გამიზნული, მათ შორის ახალი გადასახადები შემოსავლებზე, მემკვიდრეობებზე და სიმდიდრეზე, რამაც დამატებითი იმპულსი მიიღო მას შემდეგ, რაც Covid-19-მა მთავრობის ბიუჯეტებში მასიური ფისკალური ხვრელები წარმოშვა.

აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა G-7 გარიგება განსაზღვრა,  როგორც მთავრობების ინსტრუმენტი, საგადასახადო პოლიტიკის დასახვის გზით საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.

ამ ფონზე, Amazon-მა და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მხარი დაუჭირეს შეთანხმებას, რომელიც აწესებს, რომ გლობალური რეჟიმი უფრო მართვადი იქნება, ვიდრე ძვირადღირებული ალტერნატივები, რომელსაც ინდივიდუალური ქვეყნები იყენებენ. ბეზოსმა ასევე მხარი დაუჭირა, რომ აშშ-ის კორპორატიული გადასახადებით მოხდეს ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

გაზრდილი გადასახადების მომხრეები აცხადებენ, რომ ამგვარი ინიციატივები აუცილებელია პოპულიზმის ზრდის თავიდან ასაცილებლად და კაპიტალიზმის მდგრადობისთვისაც კი.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, ამ თვეში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ”საგადასახადო სისტემები ეფექტურად უნდა გადაიხედოს კაპიტალისა და მრავალეროვნული კორპორაციების დასაბეგრად”.

2010-2019 წლებში, კომპანიებმა Facebook, Apple, Amazon, Netflix, Google და Microsoft ჯამურად დაახლოებით $100 მილიარდის ოდენობის გადასახადები დაფარეს. დაუბეგრავი მოგებიდან დიდი თანხები გადაირიცხა საგადასახადო თავშესაფრებში, როგორიცაა ბერმუდა, ირლანდია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.

Bloomberg Economics–ის ანალიზის თანახმად, 2020 წელს Amazon-მა გადაიხადა კორპორატიული გადასახადის ეფექტური 11,8% და ამით ნაკლებად გამოირჩეოდა ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. Facebook-მა გასულ წელს 12,2% გადაიხადა.

Amazon წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიასა და საცალო ვაჭრობას შორის ნაზავს, რომელსაც მასიური ფიზიკური ინფრასტრუქტურა აქვს. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მრავალწლიანი, დაბალი ნიშნულის საშეღავათო გადასახადები საფონდო კომპენსაციის, შენობების, კვლევებისა და განვითარებისათვის. ბეზოსმა განახორციელა კომპანიის მოგების რეინვესტიციის სტრატეგია, რითაც შეინარჩუნა დაბალი ბეგარა შემოსავლებზე და მაღალი საგადასახადო შეღავათები.

ტექნოლოგიური კომპანიების მილიარდერი დამფუძნებლები ხშირად ნაკლებ თანხებს იხდიან, ვიდრე მათი კორპორაციები.

მაგალითად, ჯეფ ბეზოსი, 2020 წელს $77 მილიარდით უფრო მდიდარი გახდა. მაგრამ აშშ-ში, აქციებზე მოგება მხოლოდ მაშინ იბეგრება, როდესაც მათ ყიდიან. პროცენტულ თანაფარდობაში ის გაცილებით ნაკლებად იბეგრება, ვიდრე საშუალო-სტატისტიკური მუშახელი.

„ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები, რომლებმაც დიდი სარგებელი მიიღეს პანდემიის დროს, არ იხდიდნენ სამართლიანად თავიანთ წილს,“- განაცხადა სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, რონ უიდენმა. 8 მაისს, ProPublica-ს ცნობით, მსოფლიოს რამდენიმე მილიარდერმა, მათ შორის ბეზოსმა, საერთოდ არ გადაიხადეს ფედერალური საშემოსავლო გადასახადები ზოგიერთ წლებში.

აშშ-ს საგადასახადო კოდექსში არსებული უპირატესობების აღმოსაფხვრელად, ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით, რომ მოხდეს მემკვიდრეობით მიღებული აქტივების დაბეგვრა.

საერთაშორისო მასშტაბით, ადმინისტრაცია გეგმავს მინიმუმ 15%-იან გლობალურ გადასახადს, მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი კომპანიებისთვის. ეს გარიგება, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს იქნება ინიცირებული G-7-ის შეხვედრაზე.

 G-7 გარიგების შედეგად შეიცვლება მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრის სხვა წესები, რათა შემცირდეს დაბალი გადასახადის მქონე ქვეყნებში მოგების გადარიცხვის შესაძლებლობები. ბაიდენი ასევე მხარს უჭერს აშშ-ს კორპორატიული განაკვეთის 28%-მდე გაზრდას.

გლობალური საგადასახადო გარიგების მიღწევის შემთხვევაში, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწევთ გაზრდილი ეფექტური გადასახადის გადახდა. Facebook-მა და Google-მა შეიძლება  მსოფლიოში მათი მოგების 28% გადაიხადონ, ამჟამინდელი 18%-ის ნაცვლად.

გლობალური საგადასახადო მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი, რომელიც წლების წინ დაიწყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ და რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 140 ქვეყანამ, არის შეთანხმება დიდი ოცეულის ქვეყანებს შორის. G-20-ის ფინანსთა მინისტრები, რომლებიც ერთობლივად აკონტროლებენ მსოფლიოს ეკონომიკის 90%-ს, ივლისში შეხვდებიან ვენეციაში.

წლის ბოლოსთვის გარიგების მიღწევის დაბრკოლებად რჩება ჩინეთი, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს მინიმალური გადასახადისგან გათავისუფლება.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენ სტევერმანი, ლორა დევისონი და უილიამ ჰორობინი