Facebook-ი პანდემიის შემდეგ დისტანციურად მუშაობის საშუალებას ყველა თანამშრომელს მისცემს, თუ მათი სამუშაოს ოფისის გარეთ შესრულება შესაძლებელია. თუმცა, კომპანიას შეუძლია შეამციროს ხელფასი, თუ თანამშრომლები საცხოვრებლად ნაკლებად ძვირადღირებულ ადგილას გადავლენ.
15 ივნისიდან კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს სახლიდან მუშაობა. თუ თანამშრომლები დაბალფასიან რეგიონში გადავიდნენ, მათი ხელფასები შესაბამისად კორექტირდება და მათ წაახალისებენ, რომ პერიოდულად მივიდნენ ოფისში გუნდურობის შესანარჩუნებლად.
Facebook-მა განაცხადა, რომ სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს უფრო მოქნილი პირობები დახვდებათ. Facebook-ი ასევე გეგმავს აშშ-ის ოფისების სულ მცირე 50%-ის გახსნას სექტემბრის დასაწყისში, ხოლო სრულად გახსნას ოქტომბერში. კომპანიის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე დასაქმებულებს შეუძლიათ 20 სამუშაო დღემდე იმუშაონ სხვაგან, საკუთარი სახლებისგან შორს.
მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, 31 მარტის მდგომარეობით, სოციალურ ქსელში 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. პანდემიის დაწყებისთანავე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები მომავალი 5-10 წლის განმავლობაში, შესაძლოა, კომპანიის მუშახელის 50%-ს შეადგენდნენ.
“დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოს შესრულების ვალდებულების ფარგლებში, ვგეგმავ მომავალი წლის ნახევარი დისტანციურად გავატარო. ტელეკომუნიკაციამ უფრო მეტი შესაძლებლობა მომცა გრძელვადიანი აზროვნებისათვის და დამეხმარა, უფრო მეტი დრო გამეტარებინა ოჯახთან, რამაც სამუშაო უფრო ბედნიერი და პროდუქტიული გახადა”,- განუცხადა ცუკერბერგმა თანამშრომლებს.
Facebook-ი ასევე ზრდის იმ თანამშრომლების რაოდენობას, რომლებსაც სხვა ქვეყნებში გადასვლის უფლება აქვთ. თვის ბოლოს ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება აშშ-დან კანადაში ან ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ან აფრიკიდან დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ წერტილში გადასვლა. ადრე ამ შესაძლებლობის გამოყენების უფლება ჰქონდათ მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლებს ან რეკრუტერებს. 2022 წლის იანვრისთვის Facebook-ის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, მუდმივად გადავიდნენ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის ან აფრიკის დამატებით შვიდ ქვეყანაში.
დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის შენარჩუნებას აპირებენ სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც. VMware საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, მუდმივად იმუშაონ დისტანციურად, მაგრამ შეუმცირდებათ ხელფასი, თუ სილიკონის ველიდან სხვაგან დასახლდებიან. Twitter-მა და Square-მა განაცხადეს, რომ თანამშრომლებს მუდმივად შეუძლიათ სახლიდან მუშაობის გაგრძელება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნაომი ნიქსი