
12 წლამდე ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინის კვლევა ფინალურ ფაზაზე გადადის.
კომპანიების განცხადებით, კვლევის ფარგლებში, ბავშვების ვაქცინაცია ორი კვირის განმავლობაში დაიწყება. კვლევაში მონაწილე 4500 ბავშვი აშშ-ის, ფინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის 90-ზე მეტ ცენტრში აიცრება.
ადრეულ ეტაპზე ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, კომპანიებმა ბავშვებისთვის გასაკეთებელი დოზები განსაზღვრეს. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები 10-მიკროგრამიან დოზას, 12+ ასაკისთვის გასაკეთებელი დოზის მესამედს, მიიღებენ. 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებს კი 3 მიკროგრამით აცრიან, რაც მოზარდებისა და უფროსების დოზის მეათედია.
აშშ-ში Pfizer-ის ორდოზიანი mRNA ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოსაყენებლად 11 მაისს დამტკიცდა. თინეიჯერების კვლევამ, რომელსაც 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, აჩვენა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინე გემელი