Apple ახალ iPad Pro-ზე მუშაობს, რომელსაც უკაბელო დამტენი ექნება და ექვსი წლის განმავლობაში პირველად განაახლებს iPad mini-ს. კომპანია ცდილობს აქტუალობა შეუნარჩუნოს იმ პროდუქტებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაიყიდა პანდემიის პერიოდში.
კომპანია ახალი iPad Pro-ს გამოშვებას 2022 წელს გეგმავს, ხოლო iPad mini-ს მიმდინარე წლის ბოლოს. iPad Pro-ს მთავარი დიზაინერული ცვლილება იქნება ამჟამინდელი ალუმინის ჩარჩოს ჩანაცვლება მინის ჩარჩოთი. განახლებულ iPad mini-ს ეკრანს ვიწრო საზღვრები ექნება ამასთან, home ღილაკის აღარ იქნება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში iPad გახდა Apple-ის პორტფელის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ხალხი ეძებდა სამუშაოს, სწავლისა და გართობის ახალ გზებს Covid-19 ლოქდაუნის დროს. 2020 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში iPad-ების გაყიდვები 43%-ით გაიზარდა, ვიდრე წინა წელს. მოგება 2021 წლის პირველ სამ თვეშიც გაგრძელდა, როდესაც პლანშეტებმა $7.8 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც 79%-იანი ზრდაა, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით.
Apple-ის ახალი iPad Pro-ს შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაშია და კომპანიის გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ან გაუქმდეს მომავალი წლის დაწყებამდე.
უსადენო დატენვა შეცვლის ჩვეულებრივ დენის კაბელს ინდუქციური ხალიჩით, რაც მომხმარებლებს უადვილებს მოწყობილობის ბატარეის დატენვას. ის სმარტფონებში ფართოდ დაინერგა, მაგრამ პლანშეტებს შორის იშვიათია. Apple-მა iPhones-ს უსადენო დამუხტვა 2017 წელს დაამატა და გასულ წელს განაახლა იგი მაგნიტზე დაფუძნებული MagSafe სისტემით, რაც უზრუნველყოფს დატენის უფრო თანმიმდევრულ სიჩქარეს.
კომპანია ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს iPad Pro-სთვის. უსადენო დატენვა უფრო ნელი იქნება, ვიდრე პირდაპირ iPad-ის Thunderbolt პორტის დამტენი, რომელიც აგრეთვე დარჩება შემდეგი მოდელების ნაწილად.
ახალი თაობის iPad Pro-სა და iPad mini-ს გარდა, Apple ასევე მუშაობს საწყისი დონის iPad-ის უფრო თხელ ვერსიაზე, რომელიც სტუდენტებზე იქნება გათვლილი. ამ პროდუქტის, როგორც ახალი iPad mini-ს გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.
Apple-მა ბოლოს iPad Pro 2018 წელს განაახლა და მისი ბოლო ორი განახლება ორიენტირებული იყო ფუნქციონირების ეფექტიანობისა და კამერის ტექნოლოგიებზე. iPad mini ბოლოს განახლდა 2019 წელს, Apple Pencil-ის და უფრო სწრაფი ჩიპის დამატებით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარკ გურმანი და დები ვუ