LIVE

რუსეთი $119-მილიარდიანი აქტივების ფონდიდან დოლარის განდევნას გეგმავს

05 ივნ 202115:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 5636
რუსეთი $119-მილიარდიანი აქტივების ფონდიდან დოლარის განდევნას გეგმავს

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ორი კვირით ადრე, რუსეთი აქტივების მართვის ფონდიდან დოლარის განდევნას გეგმავს. გადაწყვეტილების მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზიანისა და დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა. 

ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, ფონდს დოლარის კაპიტალი ევროში, იუანსა და ოქროში გადააქვს.

"ისინი აფართოებენ სანქციებს და ჩვენთვის დოლარი უფრო რისკიანი ხდება", - განუცხადა Bloomberg- ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კოლიჩევმა.

$119-მილიარდიანი ლიკვიდური აქტივების დაახლოებით მესამედი დოლარშია განთავსებული. შესაბამისად, გადარიცხვა ცენტრალური ბანკის უდიდესი რეზერვების გამოყენებით განხორციელდება.

"ცენტრალურ ბანკს აქტივების მართვის ფონდში ცვლილებების განხორციელება საბაზრო ოპერაციების გარეშე, შეუძლია", - ამბობს საინვესტიციო ბანკ Renaissance Capital-ის ეკონომისტი სოფია დონეტსი. 

ვლადიმერ სილუანოვის თქმით, რუსეთს ცვლილების განხორციელება ერთი თვის განმავლობაში შეუძლია, თუმცა რეზერვების გამოყოფა ცენტრალურ ბანკზეა დამოკიდებული. 

"აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია. თუმცა რისკისა და შედეგის თვალსაზრისით, არსებული დოლარის აქტივების სხვა რამით ჩანაცვლება, ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის", ამბობს ცენტრალური ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ ვიუგინი. 

Nomura International-ის სტრატეგი ჯორდან როჩესტერი ვარაუდობს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ რესურსების გაყიდვას შესაძლოა, ბაზარზე გავლენა ჰქონდეს.

ცენტრალური ბანკი ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

ამჟამად ფონდის ლიკვიდური აქტივების 35% ($41,5 მილიარდი) დოლარშია წარმოდგენილი, დაახლოებით ამავე ოდენობის თანხა არის ევროში, ხოლო დანარჩენი იუანზე, ოქროზე, იენსა და ფუნტზე ნაწილდება. 

ცვლილების შემდეგ, ფონდის აქტივების 40% ევროში, 30% იუანში, 20% ოქროში, 5% იენსა და ფუნტში განთავსდება.

აქტივების მართვის ფონდის ქონება, არალიკვიდური აქტივების ჩათვლით  $185,9 მილიარდით ფასდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევგენია პისმენაია