LIVE

Apple-ის თანამშრომლები ოფისებს სექტემბრიდან, მოქნილი რეჟიმით დაუბრუნდებიან

03 ივნ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 891
Apple-ის თანამშრომლები ოფისებს სექტემბრიდან, მოქნილი რეჟიმით დაუბრუნდებიან
nytimes

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ თანამშრომლებმა უნდა დაიწყონ ოფისებში დაბრუნება სექტემბრის დასაწყისში, კვირაში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული მემორანდუმის თანახმად, Iphone-ის მწარმოებელი თანამშრომლებს ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს ოფისში დაბრუნებისკენ უბიძგებს, ხოლო დისტანციური სამუშაო კვლავ ოთხშაბათსა და პარასკევს რჩება. ზოგიერთ გუნდს კვირაში ოთხი, ან ხუთი დღე მოუწევს ოფისში ყოფნა.

პერსონალის ოფისში დაბრუნებისკენ სწრაფვის საფუძვლად, კუკმა დაასახელა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა და კორონავირუსის შემთხვევების შემცირება. Cupertino-ს, კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტის თანამშრომლების ნაწილი გარკვეულ დღეებში Apple-ის ოფისებიდან მუშაობდა, Covid-19 პანდემიის განმავლობაში. ერთ წელზე მეტია, რაც ათასობით სხვა თანამშრომელი დისტანციურად მუშაობს.

კუკის თქმით, Apple-ის მრავალი გუნდი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში უკვე დაბრუნდა ოფისებსა და ქარხნებში, ხოლო დარჩენილი დახურული საცალო მაღაზიები მიმდინარე თვეში გაიხსნება. მან ადრე თანამშრომლებს განუცხადა, რომ შეიძლება დაბრუნდნენ ჯერ კიდევ ივნისში, მაგრამ კომპანიამ ეს თარიღი სექტემბრამდე გადაწია.

თანამშრომლებს, მენეჯერის თანხმობის შემთხვევაში, შესთავაზებენ წელიწადში დამატებით ორი კვირა დისტანციურად მუშაობას.

კუკმა ოფისებში დაბრუნება სატესტო ინიციატივად მოიხსენია, რომელიც 2022 წელს გადაიხედება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი