
ისრაელის პარლამენტმა ფარული კენჭისყრით ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. 120 დეპუტატიდან მხარი მის კანდიდატურას 87-მა დაუჭირა.
“მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ისრაელის საერთაშორისო სტატუსი და მისი რეპუტაცია ერების ოჯახში, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ისრაელის მიმართ სიძულვილს და შევინარჩუნოთ საყრდენი, რაზეც ჩვენი დემოკრატია დგას”, თქვა ჰერცოგმა არჩევის შემდეგ.
60 წლის ვეტერანი პოლიტიკოსი ისააკ ჰერცოგი, რომელიც თანამდებობას შვიდი წლის ვადით იკავებს, "ლეიბორისტული პარტიის" ყოფილი ლიდერია. ის მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას, Jewish Agency-ს ხელმძღვანელობდა.
ჰერცოგი სიონისტური ოჯახიდანაა. მისი მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის პრეზიდენტი იყო, ბიძა აბა ებანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პაპა კი ქვეყნის პირველი მთავარი რაბინი იყო.
ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 9 ივლისამდე 81 წლის რუვენ რივლინი იკავებს. მან ჰერცოგს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
ისრაელში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიული ბუნებისაა. მისი დანიშნულება მორალური გზის განსაზღვრა და ერის ერთიანობის ხელშეწყობაა. პრეზიდენტს ასევე აქვს შეწყალების უფლებამოსილება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია