LIVE

ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან პირველად, Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირდა

02 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან პირველად, Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირდა
Jason Alden/Bloomberg

გასული წლის 7 მარტის შემდეგ, პირველად დიდ ბრიტანეთში გუშინ Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირდა, რის გამოც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს "ლოქდაუნის" დასრულებისკენ და დაგეგმილი შეზღუდვების გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.  

ბიზნესი 21 ივნისს დაგეგმილი ეკონომიკის მეოთხე და საბოლოო ეტაპის “გახსნის” დაჩქარებას ითხოვს. რეგულაციების გაუქმება ყველა ტიპის სოციალური დისტანციის შეზღუდვის მოხსნასაც ითვალისწინებს.

ჯონსონი და მისი გუნდი რეგულაციების გასაუქმებლად მეტ მონაცემს ელოდებიან. ქვეყანაში ინდური შტამის გავრცელების შემდეგ, შესაძლოა, ვირუსის ახალი ტალღის წარმოქმნის საფრთხე დადგეს.

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, რომელიც დაახლოებით 85 000 დაწესებულებას აერთიანებს, მთავრობას აფრთხილებს, რომ რეგულაციების გაგრძელების შემთხვევაში, სექტორი სამუშაო ადგილებს დაკარგავს. 

ღამის ინდუსტრიის ასოციაციის კვლევის მონაცემების თანახმად, ამ მიმართულებით დაკავებული 10 ბიზნესიდან ცხრა დახურვის საფრთხის წინაშეა. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დილემის წინაშე დგას. მასზე გავლენას ახდენს ნიკოლა სტურჯონის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რეგიონის მასშტაბით, ინდური შტამის გავრცელების გამო, 7 ივნისს დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი სიკვდილიანობის შემთხვევების კლების ფონზე, მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ამ უდავოდ კარგი ამბის მიუხედავად, ვიცით, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია. ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება. გახსოვდეთ ხელები, სახე, დისტანცია და მეტი სუფთა ჰაერი შენობაში, და რა თქმა უნდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ორი დოზით აცრა”,- ამბობს ჰენკოკი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს მორალესი და ჯო მეიზი