LIVE

ევროკავშირის ფრენები გაუქმებულია - რუსეთი ბელარუსისთვის გვერდის ავლას კრძალავს

28 მაი 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 5110
ევროკავშირის ფრენები გაუქმებულია - რუსეთი ბელარუსისთვის გვერდის ავლას კრძალავს
Nathan Laine/Bloomberg

სულ მცირე ორმა ევროპულმა ავიაკომპანიამ გააუქმა ფრენები მოსკოვის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ არ მისცა მათ უფლება, შეეცვალათ მარშრუტი და გვერდი აევლოთ ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის. 

გაუქმდა Air France-ის რეისი პარიზიდან მოსკოვამდე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიამ, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ არ დაადასტურა მარშრუტის კორექტირება. Air France-მა მგზავრები რუსეთის ეროვნული ავიაკომპანია Aeroflot-სკენ გადაამისამართა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ნაბიჯს “აბსოლუტურად გაუგებარი” უწოდა და მოსკოვს განმარტება მოსთხოვა, თუმცა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ევროკავშირის საჰაერო უსაფრთხოების მარეგულირებელმა ურჩია ავიაკომპანიებს, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას. ბელარუსის გვერდის ავლა იწვევს მცირე ცვლილებებს ავიაკომპანიების მარშრუტში და მათ რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება უხდებათ, რისთვისაც ადგილობრივი საავიაციო ხელისუფლებისგან ნებართვა სჭირდებათ. სხვა ევროპელ გადამზიდავებს, მათ შორის KLM და British Airways-ს, უფლება მიეცათ დაშვებულიყვნენ რუსეთში განახლებული მარშრუტებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიკ რუდნიცკი და ალექს საზონოვი