LIVE

აშშ Nord Stream 2-ს სანქციებს აღარ დაუწესებს

20 მაი 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
აშშ Nord Stream 2-ს სანქციებს აღარ დაუწესებს
Jens Büttner/picture alliance/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ Nord Stream 2-ის შეჩერება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რადგან მილსადენის მშენებლობის 90% დასრულებულია.

კონგრესისთვის წარდგენილ მოხსენებაში სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ Nord Stream 2 AG და მისი აღმასრულებელი დირექტორი, მათიას ვარნიგი სანქცირებულ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ადმინისტრაცია უარს ამბობს მაკონტროლებელ სანქციებზე ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მილსადენის დასრულების შეჩერების პერსპექტივა შორსაა, რადგან ჯო ბაიდენს სურს, თავიდან აიცილოს დაპირისპირება გერმანიასა და ევროკავშირის სხვა მოკავშირეებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს.

აშშ იმედოვნებს, რომ გერმანია გაითვალისწინებს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მილსადენი რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ძირს უთხრის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. 

სანქციების გაგრძელება “უარყოფითად აისახება აშშ-ს ურთიერთობებზე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან”,- ნათქვამია ადმინისტრაციის ანგარიშში. 

ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის “წინააღმდეგობა Nord Stream 2 გაზსადენთან ურყევია”, თუმცა “ალიანსები რჩება მტკიცე და ჩვენი პოზიცია შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.  

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია სენატში.

“ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უარი თქვას სანქციებზე, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში არასწორია”,- თქვა სენატორმა ჯეიმს რიშმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველმა რესპუბლიკელმა. 

სანქციებზე უარის თქმამ დემოკრატ სენატორებშიც გამოიწვია უკმაყოფილება.

“მილსადენის დასრულება საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს და პარტნიორების სტაბილურობას რეგიონში. ადმინისტრაციამ უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება და უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუშლის მისი დასრულების პროცესს”,- განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დენიელ ფლეტლი და ნიქ უადამსი