LIVE

როგორ შეუძლია ევროპას ჩინეთისა და რუსეთის შევიწროება - "სამი ზღვის ინიციატივა"

27 მაი 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 991
როგორ შეუძლია ევროპას ჩინეთისა და რუსეთის შევიწროება - "სამი ზღვის ინიციატივა"
Bloomberg

ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტს, რომლის შესახებაც არასდროს გსმენიათ, ჰქვია „სამი ზღვის ინიციატივა“ (Three Seas Initiative). ეს არის ევროკავშირის 12 წევრის ერთობლივი მცდელობა ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის ფიზიკური და ციფრული კავშირების განახლების თაობაზე. ამ წამოწყებით ევროპამ შესაძლოა, საუკეთესო პასუხი გასცეს რუსეთისა და ჩინეთის ხელყოფებს.

ინიციატივა ხორვატიამ და პოლონეთმა წამოიწყეს 2015 წელს. შემდეგ მასში ჩაერთო ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანა, რომლებიც ადრე რკინის ფარდის მიღმა იყვნენ, ასევე ავსტრიაც. მიუხედავად ეკონომიკური სიძლიერისა, ამ რეგიონის უმეტესობა, ინფრასტრუქტურულად მაინც ჩამორჩება ბლოკის დანარჩენ ნაწილს. საავტომობილო და სარკინიგზო გადაადგილება საშუალოდ ორჯერ, ან ოთხჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

მას განსაკუთრებით აკლია კარგი მაგისტრალები, ლიანდაგები და გაზსადენები ჩრდილოეთით და სამხრეთით, რაც ცივი ომის მემკვიდრეობაა. საბჭოთა ჰეგემონები იმაზე ზრუნავდნენ, რომ რუსული გაზი, ტანკები და ჯარები ადვილად გადაადგილებულიყო, მაგრამ არ აინტერესებდათ სხვა კავშირები მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებს შორის.

„სამი ზღვის ინიციატივას“ ამის შეცვლა სურს. პროექტები მოიცავს ხორვატიის პორტს, რომელსაც შეუძლია თხევადი ბუნებრივი გაზის გადამზიდავი გემების მიღება - მაგალითად, აშშ-დან და მილსადენებს, რომლებიც ამ გაზს ჩრდილოეთით პარტნიორ ქვეყნებს მიაწვდის. პოლონეთს უკვე აქვს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი.

ერთ-ერთი აშკარა წინააღმდეგობა რუსეთშია. ის დიდი ხანია ენერგორესურსების მიმწოდებელ როლს იყენებს იმ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, რომლებზეც მილსადენები გადის. საფრთხის მომტანია ის გარემოება, რომ რუსეთი ახლა მთელ რეგიონს ახალი კავშირებით ესაზღვრება - სამხრეთით შავი ზღვის გზით და ჩრდილოეთით ბალტიის ზღვის გზით. ეს უკანასკნელი, რომელსაც Nord Stream 2 ეწოდება, პირდაპირ რუსეთიდან გერმანიას უკავშირდება, რამაც პოლონელებსა და ბალტიელებში ძველი შიში გააღვიძა, რომ შეიძლება დააშანტაჟონ, ან იზოლაციაში მოაქციონ.

ინიციატივის სხვა პროექტები მოიცავს გზებს, რკინიგზას, პორტებს, ხიდებსა და ა.შ. და რა თქმა უნდა, ელვისებურად სწრაფ ბოჭკოვან კაბელებს, ისევე როგორც ყველა ტექნოლოგიას მეხუთე თაობის (5G) სატელეკომუნიკაციო ქსელების დასანერგად.

აქ უნდა ვახსენოთ პოტენციური წინააღმდეგობა ჩინეთის მხრიდან. სუპერსახელმწიფოებრივი სტატუსის მისწრაფების გზაზე, პეკინი წლების განმავლობაში ახორციელებდა უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის მოსაპოვებლად. ძირითადი ჩინური გლობალური პროექტია „ერთი სარტყელის და ერთი გზის ინიციატივა“, რომელიც მოიცავს პორტებს, რკინიგზებს, გზებსა და ციფრულ კავშირს ევრაზიასა და აფრიკაში. აგრეთვე საყურადღებოა 17+1 ინიციატივა, სადაც ჩინეთი არის 1 და 17 აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებია, რომელთაგან ათი ქვეყანა სამი ზღვის ინიციატივაში მოიაზრება.

ჩინეთის მრავალი ინიციატივა საკმაოდ გამჭვირვალე მცდელობებია მთელს მსოფლიოში ძალაუფლების მოსაპოვებლად. ზოგჯერ, ჩინეთი აფინანსებს ნავსადგურს, ან ხიდს ისეთი აგრესიული პირობებით, რომლებიც მსესხებლს, სესხის მახეში მოხვედრას ისახავს მიზნად. სხვა შემთხვევებში, ჩინელები პირდაპირ სთავაზობენ დიდი მოცულობის გრანტებს, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ამ კუთხით, შესანიშნავი მაგალითია უნგრეთი, რომელიც ჩინეთთან თანამშრომლობდა რკინიგზის მშენებლობის უზარმაზარ პროექტში ბუდაპეშტიდან ბელგრადისკენ და საბერძნეთის პორტ პირეოსისამდე, რომელსაც აკონტროლებდა ჩინური სახელმწიფო კომპანია. მას შემდეგ, უნგრეთი ბრიუსელში აგრძელებს ევროკავშირის დეკლარაციების დაბლოკვას ჩინეთის ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ. ამ თვეში, მაგალითად, ბუდაპეშტმა ვეტო დაადო ევროკავშირის განცხადებას, რომელიც პეკინს აკრიტიკებს ჰონგ-კონგში დემოკრატიის რეგრესის კუთხით.

ნაწილობრივ, ეს ასახავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახირებებს. ის პოპულისტი ავტოკრატია, რომელსაც უყვარს თავისი პროპაგანდის მიმართვა ევროკავშირისკენ და გეოპოლიტიკური არჩევანების ღიად შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი უამრავ ფულს უგზავნის რეგიონს - პოლონეთი და უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ბენეფიციარები იყვნენ - ევროკავშირმა ღიად დატოვა ის ფლანგი, რომელიც ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს შეეხებოდა და ეს სივრცე ჩინელებმა აითვისეს.

თავდაპირველად, ევროკავშირი ეჭვის თვალით უყურებდა „სამი ზღვის ინიციატივას“. ბოლო წლებში გაფართოვდა პოლიტიკური განხეთქილება მის დასავლეთ და აღმოსავლეთ წევრებს შორის, რის ფონზეც უნგრეთმა და პოლონეთმა შეარბილეს კანონის უზენაესობა და პოპულიზმისკენ გადაიხარნენ. თავდაპირველად ინიციატივას ისე აღიქვამდნენ, თითქოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ბრიუსელის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული.

ეს ასე არ არის. უფრო მეტიც, ეს არის შორს გათვლილი გეგმა, რომ რეგიონში კეთილდღეობა დამყარდეს, გამოირიცხოს რუსული შანტაჟი და ჩინეთის ჩარევები. აშშ-მა ეს ევროკავშირზე უფრო ადრე გაიგო. ვაშინგტონს განსაკუთრებით მოსწონს ინიციატივის ციფრული მისწრაფებები, რომელშიც ხედავს პერსპექტივას, რომ ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei Technologies-მა ვერ შეძლოს რეგიონის 5G ქსელებში ჩართვა.

სამი ზღვის ინიციატივა შესანიშნავი იდეაა და მას მხარი უნდა დაუჭირონ ვაშინგტონმა, ბრიუსელმა, ბერლინმა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებმა. ინიციატივის განსახორციელებლად აშშ-მა და ევროკავშირმა უკვე მცირედი ფინანსები გაიღეს, ამის ნაცვლად, მათ მეტი თანხა უნდა დააბანდონ. იგივე ეხება ენთუზიაზმს.

მაგრამ ევროკავშირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მოლოდინები. პირველ რიგში, ყველა მონაწილემ, უნგრეთის ჩათვლით, უნდა აღიარონ გეოპოლიტიკური ქვეტექსტი და ერთმნიშვნელოვნად განაცხადონ თავიანთი ერთგულება ბრიუსელისადმი, რაც პეკინთან განსხვავებებს მოიაზრებს. მეორე, ინიციატივა არ უნდა იქცეს აღმოსავლეთის ბლოკის ჩანასახად, რომელიც კონტრასტში იქნება ევროკავშირის დანარჩენ ნაწილთან.

ამ ერთობლივმა ევროპულმა პროექტმა უნდა შექმნას შერიგებისა და ინტეგრაციის დასაწყისი ევროპის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თუ იდეას 12 ქვეყანა ემხრობა, მაშინ ევროკავშირის 27-ვე წევრი შეიძლება გახდეს ფართო დასავლეთის ახალი საყრდენი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი