LIVE

ისრაელში დასაქმება საქართველოს 1500-ზე მეტ მოქალაქეს სურს

18 მაი 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2528
ისრაელში დასაქმება საქართველოს 1500-ზე მეტ მოქალაქეს სურს

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების სურვილი 1500-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სააგენტოში განუცხადეს, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პირველი ჯგუფი საქართველოდან დაახლოებით, თვენახევარში გაემგზავრება. 

"დასაქმების მსურველთა განაცხადების შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შერჩევის პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ვინაიდან ისრაელის სახელმწიფოს ხელშეკრულებაში აქვს გათვალისწინებული საკმაოდ მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

პირველი ჯგუფი საქართველოდან დაახლოებით, თვენახევარში გაემგზავრება, თუმცა გათვალისწინებული იქნება პარტნიორ ქვეყანაში არსებული ვითარებაც",- აღნიშნავენ უწყებაში. 

ცნობისთვის, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას 1 წლით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ.