LIVE

მეორადი ტანსაცმლის ბაზარი შესაძლოა, მილიარდებად შეფასდეს

22 მაი 202110:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 2650
მეორადი ტანსაცმლის ბაზარი შესაძლოა, მილიარდებად შეფასდეს
Bloomberg

Vinted, ლიტვური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და გაყიდონ მეორადი ტანსაცმელი და აქსესუარები, მიმდინარე კვირაში 3,5 მილიარდ ევროდ შეფასდა, რაც არც თუ ისე ბევრად ჩამორჩება დიდ საცალო მოვაჭრეებს, როგორიცაა Hugo Boss-ი და Sports Direct-ის მფლობელი Frasers Group-ი.

Vinted-ის შეფასება ხაზს უსვამს მეორეული ტანსაცმლის მოდის ამჟამინდელ პოპულარობას.  წლევანდელი ლისტინგებით, მაგალითად Poshmark-ისა და ThredUp-ის ბირჟაზე განთავსებით, ეს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, არსებობს რისკი, რომ მეორეული ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის ტენდენცია პანდემიური ეფექტია, რომელიც ეკონომიკის გახსნისთანავე გახუნდება.

შვედური შესყიდვების ჯგუფის EQT-ს ხელმძღვანელობით, Vinted-მა უკვე 250 მილიონი ევროს ინვესტიცია მიიღო. თუმცა, მისი არც შემოსავლის და არც გაყიდული საქონლის ღირებულება არ გაცხადებულა. GMV-ის 2020 წლის 2-2,5 მილიარდი ევროს შეფასებას გავითვალისწინებთ, კომპანიის შეფასება, სავარაუდოდ, Etsy-სა და Poshmark-ის შეფასებასთან იქნება მიახლოებული. მიუხედავად იმისა, რომ Vinted მთლიანობაში ზარალზე მუშაობს, მან მომწიფებულ ბაზრებზე მომგებიანობას მიაღწია. ამასთან, Poshmark-მა და ThredUp-მა პირველ კვარტალში წმინდა ზარალი დააფიქსირეს.

ThredUp-ის თანახმად, მეორეული გაყიდვების ბაზარი, შესაძლოა 44 მილიარდ დოლარად შეფასდეს 2029 წლისთვის და გაუსწროს სწრაფი მოდის მწარმოებლებს, როგორიცაა Zara, H&M და სხვა რითეილერები.

ამ მოსალოდნელ ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ახალგაზრდა მომხმარებლები არიან, რომელიც  თაობის Z-ის სახელით არიან ცნობილი. ეს მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზების გამო მიმართავენ მეორეულ მოდას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ეკოლოგიაა.

McKinsey-ის თანახმად, გლობალური მოდის ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით იმავე რაოდენობის სათბურის გაზებს გამოყოფს, როგორც საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ერთად. თუ 2030 წლისთვის გამონაბოლქვი არ განახევრდება, ინდუსტრია პარიზის შეთანხმების სამიზნეს ასცდება. ამის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალებაა მეორადი ტანსაცმლის პოპულარიზაცია, რამაც შეიძლება სამოსის საშუალო სიცოცხლე 1,7-ჯერ გაზარდოს.

მიუხედავად ამისა, მზარდი ინდუსტრია პოტენციური დაბრკოლებების წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც ხალხს აღარ მოუწევს სახლში დარჩენა, ძველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის აპლიკაციის საშუალებით გაყიდვის იდეა, შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.

Vinted-ის შემოსავალი 2020 წელს, მეორადი ბაზრის ზრდასთან ერთად გაორმაგდა. მაგრამ ეს ზრდა შესაძლოა არ შენარჩუნდეს. წინასწარი პროგნოზით, ბაზრის ზრდა 40%-მდე  შენელდება, რაც მაინც შთამბეჭდავია, მაგრამ პანდემიის ბუმის დონეს ჩამოუვარდება.

ასევე მძაფრი ხდება კონკურენციაც. დამკვიდრებული საცალო მოვაჭრეები მეორეულების თამაშში შედიან. Lululemon, Patagonia და Levi Strauss უკვე გვთავაზობენ გამოყენებული ტანსაცმლის ხელახალი გაყიდვის ვარიანტებს.

ეს ნიშნავს, რომ ახალმა ონლაინ ბაზრებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ გამოირჩეოდნენ, უფრო მეტი დახარჯონ მარკეტინგსა და რეკლამაზე. მეორეულ ბაზარს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ თაობა Z-ის მოემსახუროს. მაგრამ მან უნდა გადალახოს ზრდის ტკივილები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეორეული ტანსაცმელის აღქმა მოდურად დარჩეს და არა გაცვეთილად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადრეა ფელსტედი