LIVE

„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო პოლიტიკაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

14 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 902
„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო პოლიტიკაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

„საპენსიო სააგენტოს“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე არ გამორიცხავს, რომ საინვესტიციო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდეს. მისივე თქმით, საკითხზე საინვესტიციო საბჭო ივნისში იმსჯელებს.

ამასთან, როგორც გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ცვლილება დამოკიდებული იქნება სტრატეგიული განთავსების ანალიტიკაზე.

„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი ამოცანაა, რომ ბაზარზე გლობალურად, ადგილობრივად და რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და მოსალოდნელ ფაქტორებს ითვალისწინებდეს. წლის განმავლობაში საინვესტიციო პოლიტიკის მინიმუმ ერთხელ გადახედვა და სტრატეგიული საინვესტიციო პორტფელის განახლება კანონით გვევალება. შესაბამისად, საინვესტიციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც ივნისშია, არაა გამორიცხული, რომ ახალი ინიციატივები გაჩნდეს პორტფელის ალოკაციის ნაწილში. ბუნებრივია, ის არსებულისგან რადიკალურად განსვავებული ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება გარკვეული ცვლილებები იყოს. გააჩნია, სტრატეგიული განთავსების ანალიტიკა რა შედეგებზე გაგვიყვანს“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და დანაზოგები ამ დროისთვის 1,4 მილიარდ ლარს აჭარბებს. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და 11% ეფექტური წლიური სარგებელი ერიცხება.