LIVE

„საპენსიო სააგენტომ“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი შეარჩია

14 მაი 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1326
„საპენსიო სააგენტომ“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი შეარჩია

„საპენსიო სააგენტოს“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი შერჩეულია და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 2-3 კვირაში დასრულდება,- ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

როგორც გოგა მელიქიძემ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, შერჩეულია საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტი და დეპოზიტარის შერჩევით „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო ინფრასტრუქტურის აწყობა სრულდება, რასაც საინვესტიციო არეალის გაშლა მოჰყვება.

„როდესაც სპეციალიზირებული დეპოზიტარი გვეყოლება, განვიხილავთ სავალუტო დივერსიფიკაციას, გლობალურ ფასიან ქაღალდებსაც და ა.შ. დანაზოგი ბანკებში სწორედ იმის გამოა განთავსებული, რომ დეპოზიტარი არ გვყავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რისკიანობის თვალსაზრისით, ბანკები ყველაზე კარგ ამონაგებს გვთავაზობდნენ ლარის საინვესტიციო ბაზარზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბანკებში დავრჩებით, ბუნებრივია, განვიხილავთ გლობალურ ფასიან ქაღალდებს და სხვა ინსტრუმენტებს. დეპოზიტარმა უნდა შეინახოს ყველა კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტი, რასაც სააგენტო იყიდის“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი „საპენსიო სააგენტომ“ თავდაპირველად 2020 წლის იანვარში გამოაცხადა. სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძოდა: Central Depository of Armenia OJSC, “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და დანაზოგები ამ დროისთვის 1,4 მილიარდს აჭარბებს. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და 11% ეფექტური წლიური სარგებელი ერიცხება.