LIVE

თურნავა: ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა

13 მაი 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 812
თურნავა: ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საგარეო ვაჭრობის მონაცემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა. 

„აპრილში საქართველოდან 70.2 პროცენტით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4-თვიანი პერიოდის მაჩვენებლით, ექსპორტის ზრდა 20%-ია.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითიც ვეხმარებით ქართულ წარმოებას, სოფლის მეურნეობას თავისი შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ნათია თურნავამ

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა. ამასთან, აპრილში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 70.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემსაც.