LIVE

აშშ-ის პროკურორები Facebook-სგან Instagram Youth-ის შეჩერებას ითხოვენ

11 მაი 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
აშშ-ის პროკურორები Facebook-სგან Instagram Youth-ის შეჩერებას ითხოვენ
Gabby Jones/Bloomberg

44 გენერალური პროკურორი Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს მოუწოდებს, უარი თქვას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის Instagram-ის ახალი ვერსიის შექმნაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალმა აპლიკაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დააზიანოს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

“სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რომლებიც ვერ უმკლავდებიან სოციალური მედიის ანგარიშის შექმნის გამოწვევებს. Facebook ვერ იცავს ბავშვების კეთილდღეობას საკუთარ პლატფორმებზე”,- ნათქვამია პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებებს გამოეხმაურა Facebook-ი და განცხადებაში აღნიშნა, რომ პრიორიტეტს უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და ექსპერტებთან მუშაობას მიანიჭებს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ პლატფორმაზე რეკლამების განთავსება არ იქნება შესაძლებელი.

”ჩვენ ვეთანხმებით, რომ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას და ამისათვის კომუნიკაცია გვექნება ბავშვთა განვითარების, უსაფრთხოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტებთან და კონფიდენციალურობის დამცველებთან”,- განაცხადეს კომპანიაში.

წერილი აძლიერებს საზოგადოების წინააღმდეგობას სოციალური მედიის გიგანტის გეგმასთან დაკავშირებით, შექმნას Instagram-ი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც კომპანიის რეგულარული პლატფორმების გამოყენება აკრძალული აქვთ.

კონგრესში გამართული მოსმენების დროს, აშშ-ის კანონმდებლებმა ცუკერბერგს პროექტის შესახებ ჰკითხეს და მოითხოვეს, რომ კომპანიამ მეტი იმუშაოს ბავშვების დასაცავად. ბავშვთა დაცვისა და კონფიდენციალურობის დამცველების თქმით, ახალმა აპლიკაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიას, მარტოობასა და შფოთვას ახალგაზრდა მომხმარებლებში.

Facebook-ი აპლიკაციის შექმნის საწყის ეტაპზეა. აღმასრულებლები აცხადებენ, რომ კომპანია მოწოდებულია თინეიჯერებს მისცეს წვდომა იმავე მახასიათებლებზე, რომელსაც ახლა Instagram გვთავაზობს, მაგრამ მშობლების კონტროლითა და ხილვადობით. კომპანია ირწმუნება, რომ ბევრი 13 წლამდე ბავშვი უკვე იყენებს Instagram-ს და მომსახურება მათი ტყუილის ალტერნატივა იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნაომი ნიქსი და თინა დევისი