
ინდონეზიაში დააკავეს ფარმაცევტული კომპანიის ხუთი თანამშრომელი, რომელებიც სავარაუდოდ, რეცხავდნენ და ხელახლა ყიდდნენ კოვიდტესტებისთვის ნაცხის ასაღებ ჩხირებს.
პოლიციის განცხადებით, მედანის აეროპორტში მგზავრთა ტესტირებისთვის გარეცხილ ჩხირებს, სავარაუდოდ, დეკემბრიდან იყენებდნენ. მგზავრების რიცხვი, ვისთანაც შესაძლოა, მეორადი ჩხირები გამოიყენეს, 9000-ს აღწევს.
ინდონეზიაში ფრენამდე მგზავრებისთვის ტესტის ჩატარება სავალდებულოა. ამისთვის აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია Kimia Farma-ს ანტიგენის სწრაფი ტესტის ნაკრებებს იყენებდა.
საქმით პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მგზავრებს ტესტით კოვიდი უდასტურდებოდათ მაშინ, როცა მათ ვირუსი არ ჰქონდათ. პოლიციამ სპეცოპერაცია დაგეგმა და ტესტის გასაკეთებლად ოფიცერი ფორმის გარეშე გააგზავნა. ტესტის შემდეგ Covid-19 მასაც დაუდასტურდა. ამას სხვა პოლიციელების შეჭრა და რეიდი მოჰყვა. ოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა გადამუშავებული ჩხირები აღმოაჩინეს.
თავის მხრივ, Kimia Farma-მ სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომლების ნაწილი და შიდა კონტროლის გამკაცრების პირობა დადო.
არსებული ინფორმაციით, მგზავრთა სახელით, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყება. იურისტები თითოეული დაზარალებული მგზავრისთვის 1 მილიარდი რუპიის გადახდას ითხოვენ.
თაღლითობის შედეგად, ჯგუფმა დაახლოებით 1,8 მილიარდი რუპია ($124 800) მიიღო.