
2025 წლისთვის მსოფლიოში ვაქცინების შეძენაზე გაწეული ხარჯი $157 მილიარდს მიაღწევს, რისი მიზეზიც მასობრივი გლობალური ვაქცინაციის პროგრამაა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი IQVIA Holdings-ზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული მულტინაციონალური კომპანია IQVIA, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიის მონაცემების დამუშავებითა და ანალიზის მიმართულებით მუშაობს, ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ტალღის ფარგლებში, 2022 წლის ბოლოსთვის დედამიწის მოსახლეობის 70% აცრილი იქნება.
არსებული მონაცემებით, პირველი ვაქცინაციიდან გამაძლიერებელი აცრები ყოველ ორ წელიწადში იქნება საჭირო.
აშშ-ში ფიქრობენ, რომ გამაძლიერებელ ვაქცინებს მოსახლეობას 9-12 თვიანი ინტერვალით შესთავაზებენ. 12-თვიან ინტერვალზე საუბრობს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-იც.
ვაქცინაციაში ყველაზე მეტი, სავარაუდოდ, წელს დაიხარჯება. ხარჯი დაახლოებით $54 მილიარდს შეადგენს. პროგნოზის მიხედვით, ვაქცინის მოცულობის გაზრდისა და მწარმოებლებს შორის კონკურენციის წყალობით, 2025 წელს ეს თანხა $11 მილიარდამდე შემცირდება.
კორონავირუსის ხარჯები 2020 წლიდან 2025 წლამდე ყველა მედიკამენტის ხარჯის, $7 ტრილიონის, მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში კორონავირუსის ვაქცინების გამოკლებით, წამლებზე გაწეული დანახარჯი $68 მილიარდით ნაკლები იქნება, ვიდრე ის პანდემიის გარეშე იქნებოდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, პანდემიის დროს ხალხმა შეამცირა ექიმებთან ვიზიტები, პროცედურები და მედიკამენტების გამოყენება.