
ევროკომისიის ინიციატივით, შესაძლოა, შეამსუბუქდეს მოგზაურობის შეზღუდვები მათთვის, ვინც Covid-19-ის წინააღმდეგ უკვე აიცრა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი კომისია რეკომენდაციას უწევს ტურისტების დაშვებას შედარებით დაბალი ინფექციის დონის მაჩვენებელი ქვეყნებიდან და ასევე მათთვის, ვინც სრულად არის აცრილი.
ინიციატივა ამ ეტაპისთვის მოითხოვს დამტკიცებას წევრი ქვეყნებისგან. თუმცა, კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ წინადადება ამ თვის ბოლოს დამტკიცდება.
ბლოკი ასევე მუშაობს ვაქცინის პასპორტის სისტემის დანერგვაზე, რაც გაამარტივებს მოგზაურობას აცრილთათვის ან იმის დასადასტურებლად გამოიყენება, რომ ისინი ახლახანს გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და ამიტომ იმუნურად ითვლებიან.
წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ევროკავშირში დამტკიცებული ყველა ვაქცინით აცრილი - მათ შორის Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს წარმოებული ვაქცინები.
ამავდროულად, ახალი წესები საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს აკრძალონ ყველანაირი მოგზაურობა იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება. ასეთი შემთხვევებისთვის ე.წ. საგანგებო მუხრუჭის ბერკეტი იქნება გამოყენებული.
კომისია ასევე შეიმუშავებს დამტკიცებული ვაქცინაციის სერტიფიკატების ჩამონათვალს, რომლებიც გაცემულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ. ამასთან, ბრიუსელში კომისიის ოფიციალური ბრიფინგის თანახმად, ვაშინგტონთან მოლაპარაკებები, შესაძლოა, წინ უძღვოდეს ერთიანი სერთიფიკატის შემოღებას, რომელიც ევროკავშირის უსაფრთხოების და სიზუსტის სტანდარტებს შეესაბამება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოს კრისოლორასი და ვიქტორია დენდრინოუ