LIVE

დღეს თურქეთში "სრული ლოქდაუნი" ამოქმედდება

29 აპრ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 852
დღეს თურქეთში "სრული ლოქდაუნი" ამოქმედდება

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, დღეს 16:00 საათიდან 17 მაისის 02:00 საათამდე თურქეთში “სრული ლოქდაუნი” წესდებაამ დროის განმავლობაში მოსახლეობას ძირითადად სახლში ყოფნა მოუწევს. მათ სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი პროდუქტის შესაძენად და სამედიცინო სერვისის მისაღებად შეეძლებათ. ეს შეზღუდვა არ ეხებათ გადაუდებელი დახმარების სერვისებისა და კვებისა და წარმოების სექტორის თანამშრომლებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სკოლებში სწავლება დისტანციურად გაგრძელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის მკაცრი რეგულაციები წესდება, საქალაქთაშორისო მგზავრობა მხოლოდ სპეციალური ნებართვით იქნება დაშვებული.

კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, ხოლო სუპერმარკეტები კვირაობით დახურული იქნება.

თურქეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, რეგულაციები საერთაშორისო ტურისტებზე არ ვრცელდება. პასპორტის მეშვეობით, ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან და შეძლებენ მუზეუმებისა და არქეოლოგიური ძეგლების მონახულებას.  

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მკაცრი ზომები ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით წესდება.

„იმ დროს, როცა ევროპა “გახსნის” ფაზაზე გადადის, ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა, ისე, რომ მათი რიცხვი 5000-ზე ნაკლები იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ყველა სფეროში, ტურიზმით და ვაჭრობით დაწყებული, განათლებით დასრულებული, მძიმე საფასურის გაღება მოგვიწევს”,- ამბობს ერდოღანი. 

ორი კვირის წინ თურქეთმა კომენდანტის საათი დააწესა და შაბათ-კვირას “სრული ლოქდაუნი” აამოქმედა, თუმცა შეზღუდვები პანდემიის მართვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

16 აპრილს თურქეთში ინფიცირებულების დღიურმა რიცხვმა 63 000-ს გადააჭარბა. მომდევნო დღეებში ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 28 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 40 444-ია.

თურქეთში 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. Bloomberg-ის მონაცემებით, თურქეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 10.5%.