LIVE

ისრაელის კომპანია ENER-T საქართველოში მზის სადგურის მშენებლობას განიხილავს

28 აპრ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1606
ისრაელის კომპანია ENER-T საქართველოში მზის სადგურის მშენებლობას განიხილავს

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის შესახებ კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით.

უწყების ინფორმაციით, ENER-T-ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას.

ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს.

„ჩვენ ვართ ლიდერი განახლებადი ენერგიის მიმართულებით მთელ მსოფლიოში და წარმოდგენილები ვართ შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ინდოეთში, ისრაელში. მას შემდეგ, რაც ქვეყანა პანდემიიდან გამოვა, ვხედავთ დიდ პოტენციალს ჩვენთვის და ვხედავთ ქვეყნის დიდ პოტენციალს. გვსურს ვიყოთ ამ ზრდის ნაწილი. საქართველოს მზის ენერგიის მრავალი წყარო აქვს და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ენერგიას შეუძლია შეამციროს ნებისმიერი დეფიციტი, რომელსაც საქართველო განიცდის ელექტროენერგიის წარმოებაში ამ ეტაპზე. დაინტერესებულნი ვართ, ინვესტიცია გავაკეთოთ 100 და მეტი მეგავატის სიმძლავრის მასშტაბის პროექტებში“,- განაცხადა ENER-T -ის მფლობელმა, იეჰუდა ჰარაციმ.