LIVE

Human Rights Watch ისრაელს აპარტეიდსა და პალესტინელთა დევნაში ადანაშაულებს

27 აპრ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
Human Rights Watch ისრაელს აპარტეიდსა და პალესტინელთა დევნაში ადანაშაულებს
AP Photo/Nasser Nasser

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი, Human Rights Watch ისრაელს პალესტინელთა მიმართ აპარტეიდისა და დევნის საერთაშორისო დანაშაულებებში დებს ბრალს.

213-გვერდიან მოხსენებაში Human Rights Watch უერთდება ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფების მზარდ რაოდენობას, რომლებიც კონფლიქტს განიხილავენ არა როგორც დავას მიწის გარშემო, არამედ როგორც ერთიან რეჟიმს, რომელშიც პალესტინელებს ჩამოერთვათ ებრაელებისათვის მინიჭებული ძირითადი უფლებები.

HRW ამტკიცებს, რომ ისრაელმა „დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში ისრაელის ებრაელთა ბატონობის შენარჩუნების განზრახვა“ გამოავლინა და ამასთან, ადგილი ჰქონდა „სისტემურ ჩაგვრასა და არაადამიანურ ქმედებებს. ამ სამი ელემენტის თანხვედრა აპარტეიდის დანაშაულს წარმოადგენს“,- ნათქვამია მოხსენებაში.  

ანგარიშში ასევე საუბარია დევნის კონკრეტულ მაგალითებზე, როგორებიცაა მიწის ჩამორთმევა, მშენებლობის ნებართვის სისტემატური უარყოფა, კერძო საკუთრების დანგრევა და „ათწლეულების განმავლობაში გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა“.

Human Rights Watch-მა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოყენებულ აპარტეიდისა და დევნის განმარტებებზე, რომელმაც გასულ თვეში დაიწყო გამოძიება ისრაელის შესაძლო ომის დანაშაულებზე. ისრაელი მიიჩნევს, რომ სასამართლო მიკერძოებულია, კატეგორიულად ემიჯნება შეფასებას და ამბობს, რომ მისი არაბული უმცირესობა სრულად სარგებლობს სამოქალაქო უფლებებით.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ Human Rights Watch „ცნობილია საკუთარი ანტი-ისრაელის განწყობით, ხოლო „გამოგონილი პრეტენზიები, რომლებიც შეთხზულია HRW-ის მიერ, არის აბსურდი და ყალბი“.