LIVE

ევროკავშირმა AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივლა 

26 აპრ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1029
ევროკავშირმა AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივლა 

ევროკავშირმა AstraZeneca-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ბლოკი ბრიტანულ-შვედურ კომპანიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზების დაგვიანების გამო ედავება.  

ევროკავშირმა პირველ კვარტალში AstraZeneca-სგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაქცინების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი მიიღო, ხოლო მეორე კვარტალში მისაღები მოცულობა შემცირდა. კომპანიის დღევანდელი განცხადებით, ევროკავშირი მისგან აპრილის ბოლომდე 50 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. თავის მხრივ, ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს დაგეგმილ მოცულობაზე ნაკლებია. 

ბლოკში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე, კომპანიას ვაქცინის ექსპორტზე გატანის მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. 

კომპანია ბლოკის სარჩელს უსამართლოდ მიიჩნევს და თავისი პოზიციის დასაცავად მზადაა. 

“AstraZeneca-მ ევროკომისიასთან წინასწარი შესყიდვის შეთანხმება სრულად შეასრულა  და თავს სასამართლოში დაიცავს. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი დავა უსაფუძვლოა და მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ეს უთანხმოება,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ევროკავშირის ქვეყნებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეფერხება, კომპანიის მხრიდან პრეპარატის დაგვიანებასთან ერთად, შეზღუდვებსაც უკავშირდება. მას შემდეგ, რაც "ევროპის წამლის სააგენტომ" აცრასა და თრომბოზის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა, ქვეყნების ნაწილმა მისი გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატარინა როსკოფი და სუზი რინგი