LIVE

Google-ი და Microsoft-ი ინდოეთს Covid-19-თან ბრძოლაში დახმარებას დაპირდნენ

27 აპრ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
Google-ი და Microsoft-ი ინდოეთს Covid-19-თან ბრძოლაში დახმარებას დაპირდნენ
Reuters

Google-მა და Microsoft-მა პირობა დადეს, რომ ინდოეთს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს დაუჭერენ. ორივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინდოეთშია დაბადებული.

Google-ის ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ იგი „განადგურებულია“ მოვლენებით და კომპანია ქვეყნის დასახმარებლად 18 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. Microsoft-ის ხელმძღვანელი, სატია ნადელა კი ინდოეთს ჟანგბადის დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება.

Google-ის აღმასრულებლის მიზანი „დაზარალებულ ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევაა, რათა მათ ყოველდღიური ხარჯები დაფარონ“. მისი თქმით, ასევე საჭიროა „დახმარება გადაუდებელი სამედიცინო მასალების, მათ შორის ჟანგბადისა და ტესტირების მოწყობილობის კუთხით, რაც ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება“.

ჰიდრაბადში დაბადებული და 2014 წელს Microsoft-ის გენერალურ დირექტორად დანიშნული ნადელა, კი ინდოეთს „ჟანგბადის კონცენტრაციის მოწყობილობების“ შეძენაში დაეხმარება. ქვეყანა ჟანგბადით მომარაგების კრიტიკულ უკმარისობას განიცდის, რაც ბევრ საავადმყოფოს აიძულებს, უარი თქვან ადამიანების დახმარებაზე.

ნადელამ ასევე განაცხადა, რომ „მადლიერია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, გაეუქმებინა ინდოეთში ვაქცინის ნედლეულის გადაზიდვის აკრძალვა, რამაც მათ AstraZeneca-ს მეტი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობა მისცა.

ინდოეთში მეხუთე დღეა Covid-19-ის გლობალურად რეკორდული რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება. ორშაბათს ინფიცირების 352 991 შემთხვევა გამოვლინდა.