LIVE

სომხების გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთი აშშ-ის ელჩს იბარებს

26 აპრ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 9647
სომხების გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთი აშშ-ის ელჩს იბარებს
Adem Altan /AFP/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხების მასობრივი მკვლელობის 106 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ისტორიულ მოვლენას ორჯერ უწოდა „გენოციდი“. სიტყვა, რომელსაც რონალდ რეიგანის შემდეგ, აშშ-ის არცერთი ლიდერი არ იყენებდა, NATO-ს მოკავშირე თურქეთის გაუცხოების შიშით.

„ამერიკელი ხალხი პატივს სცემს ყველა იმ სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის შედეგად დაიღუპა. მილიონ ნახევარი სომეხი გაასახლეს, მოკლეს ან სიკვდილისთვის გაიმეტეს. ჩვენ გვახსოვს ყველა ის ადამიანი, ვინც სომეხთა გენოციდის დროს ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში დაიღუპა და ამგვარი სისასტიკის გამეორებას არ დავუშვებთ“,- აღნიშნა ბაიდენმა განცხადებაში, რომელიც ეხებოდა სომხეთის გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს.

ამის საპასუხოდ, თურქეთმა ანკარაში გამოიძახა აშშ-ის ელჩი, დევიდ სატერფილდი და განაცხადა, რომ არ იზიარებს 1915 წლის მოვლენების ბაიდენისეულ შეფასებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯო ბაიდენის განცხადებას „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არასწორი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გახსნა „ღრმა ჭრილობა, რაც ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას და მეგობრობას“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი „რადიკალური სომხური წრეებისა და ანტითურქული ჯგუფების“ გავლენის ქვეშაა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთს „საკუთარი წარსულის შესახებ სხვისგან სასწავლი არაფერი აქვს. სიტყვები ვერ შეცვლის ან გადაწერს ისტორიას“. მინისტრმა ბაიდენის განცხადებას „პოპულიზმი“ უწოდა.

თეთრი სახლის მიერ ბაიდენის განცხადების გამოქვეყნებამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამახსოვრო შეტყობინება გაუგზავნა საჰაკ მაშალიანს, სტამბულის სომეხ პატრიარქს.

„პატივისცემით ვიხსენებ პირველი მსოფლიო ომის რთულ პირობებში დაღუპულ ოსმალეთის სომხებს და ვუსამძიმრებ მათ შვილიშვილებს. მესამე პირების მიერ იმ დებატების პოლიტიზირება და ინტერვენციის ინსტრუმენტად გამოყენება, რომელშიც ისტორიკოსებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, არ ემსახურება ვინმეს ინტერესებს“,- ნათქვამია ერდოღანის წერილში.

თურქეთი აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ისლამურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი იყო და რუსეთის ამბიციებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ერდოღანის მთავრობამ კრემლთან დაახლოება დაიწყო. სომხების გენოციდის აღიარებით, ბაიდენმა 2020 წლის საარჩევნო დაპირება შეასრულა, თუმცა ამ ნაბიჯმა შესაძლოა, თურქეთს რუსეთის ორბიტისკენ კიდევ ერთხელ უბიძგოს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სომხების გენოციდი აღიარებული აქვს, მოსკოვის სურვილია, გამოიყენოს ბაიდენის ნაბიჯი NATO-ში უთანხმოების გასაღვივებლად. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „აშკარად აცხადებს, რომ სინამდვილეში არ აღიქვამს ერდოღანს, როგორც პარტნიორს და პოლიტიკოსს, რომელზეც ღირს ფსონის დადება და მასთან ურთიერთობას ძალის პოზიციიდან დაამყარებს“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ონურ ანტი, გრეგორი კორტე და ჯენიფერ ჯეიკობსი