LIVE

სამომხმარებლო ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება

24 აპრ 202121:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1410
სამომხმარებლო ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება
Bloomberg

მსოფლიოს კვების რაციონის მთავარი პროდუქტები: სიმინდი, ხორბალი, სოიო, მცენარეული ზეთები მკვეთრად ძვირდება, რაც განგაშის სიგნალია გლობალური ვაჭრობისთვის.

მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის Agriculture Spot Index-მა, რომელიც საკვანძო აგრარული პროდუქტების ფასებს მოიცავს, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა. მსოფლიოში სურსათის ფასები 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საბოლოოდ, ძირითად კულტურებზე ფასების ზრდა გავლენას იქონიებს დახლებზე წარმოდგენილ სურსათზეც - პურის ფასით დაწყებული, ხორცით და გამაგრილებელი სასმელებით დამთავრებული.

ნედლეულის მაღალ ფასები დიდ გავლენას ახდენს შინამეურნეობებსა და წარმოებაზეც და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს  მსოფლიო ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური აღდგენის პირობებში. ამასთან, პროდუქტის გაძვირება სუსტი ეკონომიკური ზრდის პირობებში პრობლემაა ცენტრალური ბანკებისთვისაც, რადგან მათ აღარ რჩებათ რესურსი შეამსუბუქონ მონეტარული პოლიტიკა, ანუ გააიაფონ ფული.

ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდას ჩინეთიდან წამოსული მოთხოვნის ბუმიც მოჰყვა, რაც ასევე ფაქტორია. გასულ წელს სიმინდის ფასი გაორმაგდა, სოიოს ფასი დაახლოებით 80% -ით გაიზარდა, ხორბლის ფასი კი 30% -ით. ჩინეთის გაზრდილი მოხმარების და არასასურველი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც საფრთხეს უქმნის ბრაზილიისა და აშშ-ს მოსავალს, პროდუტქების ფასი სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ანალიტიკოსები, Rabobank-დან, Mintec-დან და HSBC Global Research- დან, ელიან, რომ ფასების ზრდის რისკი მაღალია, თუმცა ტენდენციები განსხვავებული იქნება ქვეყნების მიხედვით.

ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდის დროს განსაკუთრებით ზარალდებიან განვითარებადი ბაზრები, რომელბსაც ხშირად ადგილობრივი ვალუტაც სუსტი აქვთ. ფონს ამძიმებს ისიც, რომ ასეთი ქვეყნების სამომხმარებლო ხარჯვის ძირითად ნაწილს სწორედ საკვების ხარჯები შეადგენს. ყველაზე ღარიბი და ხშირად პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებისათვის ნედლეულის გაძვირების ტალღა გლობალური შიმშილის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას უწყობს ხელს.

გლობალური ფასები ბოლო 10 თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც გაეროს თანახმად, ყველაზე ხანგრძლივი აღმასვლაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ზრდის ტალღა შეშფოთებას იწვევს 2008 და 2011 წლების გამოცდილების გათვალისწინებითაც, როდესაც ფასების ზრდამ საკვებთან დაკავშირებული არეულობები გამოიწვია აფრიკის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში; ხელი შეუწყო პოლიტიკურ არეულობებსა და აჯანყებებს არაბული გაზაფხულის პერიოდში.

”როცა ძირითადი პროდუქტები, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ცხიმი გაძვირებას დაიწყებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მწარმოებლებს აღარ რჩებათ არჩევანი გარდა იმისა, რომ ფასები მათაც გაზარდონ," ამბობს უილ ჰეილარი, OC&C-ს მმართველი პარტნიორი.

საქონელზე ფასის ზრდა არ არის ერთადერთი კომპონენტი საკვების ფასის ზრდაში. გაძვირებულია გადაზიდვებიც და მიწოდების ჯაჭვში სხვა პრობლემებიცაა. მაგალითად, შეფუთვის გაზრდილი ხარჯები. შესაბამისად, მოსალოდნელია სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებაც.

კვებისა და სასმელების უმსხვილესი მწარმოებლები უკვე ალაპარაკდნენ ფასების მოსალოდნელ ზრდაზე. Coca-Cola-მ პლასტმასის და ალუმინის გაზრდილი დანახარჯი უკვე დააფიქსირა, იგივე ტენდენციაა ყავის და მაღალი ფრუქტოზას შემცველობის სიმინდის სიროფში, რაც გაზირებული სასმელის მთავარი ინგრედიენტია.

Nestle-მ, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სასურსათო კომპანიაა, მომხარებელი გააფრთხილა, რომ სასაქონლო ხარჯების გამო, ვერ შეძლებს შეინარჩუნოს მოქმედი ფასები და შესაბამისად, გაზრდა მოუწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურსინი