LIVE

ბაიდენი ბელგიასა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა

23 აპრ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
ბაიდენი ბელგიასა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა
Anna Moneymaker/The New York Times/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ივნისში დიდ ბრიტანეთში “დიდი შვიდეულის” სამიტს და ბრიუსელში NATO-ს შეხვედრას დაესწრება. პრეზიდენტის რანგში, ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტი იქნება.  

ბაიდენი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან. ბრიუსელში, ბაიდენი ასევე, მიიღებს მონაწილეობას აშშ–ევროკავშირის სამიტში, სადაც ჯანდაცვის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილება.

გამორიცხული არ არის, ბაიდენი სხვა ქალაქებსაც ეწვიოს, თუმცა ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას არ ავრცელებს. 

“ეს მოგზაურობა ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას, რომ ის ერთგულია ჩვენი ალიანსების აღდგენის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაჯანსაღების,  ჩვენს მოკავშირეებთან და მრავალმხრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის, გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და ამერიკის ინტერესების უკეთ დასაცავად”,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენის უცხოური ვიზიტის დაგვიანების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელმაც ხელი საერთაშორისო ვიზიტებსაც შეუშალა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა პირველ უცხოელ ლიდერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრს, იოშიჰიდე სუგას გასულ კვირას უმასპინძლა. 

ბაიდენი იქნება ზედიზედ მეორე პრეზიდენტი, რომელიც უარს იტყვის თანამედროვე საპრეზიდენტო ტრადიციაზე, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩასვლას გულისხმობს. მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადაში პირველად საუდის არაბეთს, ისრაელს, იტალიას, ვატიკანსა და ბელგიას ეწვია.

"დიდი შვიდეულის" სამიტი წელს ინგლისის სამხრეთ ნაწილში, კორნუოლის საგრაფოში 11-13 ივნისს გაიმართება. შეხვედრის ძირითადი თემები კორონავირუსის პანდემია და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, კლიმატის ცვლილება, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები და მსოფლიო სავაჭრო საკითხები იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი