
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერი ბიზნესს მაისში შეხვდება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ტურიზმის ინდუსტრია ყურადღების ცენტრში რჩება.
"ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი",- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზე ვართ, ქვეყანაში მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან მოჰყვა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.
„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრს 12-მა ბიზნეს ასოციაციამ ექვსპუნქტიანი გეგმით მიმართა. ბიზნესის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა, რესტორნების ფუნქციონირება შაბათ-კვირას, ტურისტული სეზონისათვის მზადების დაწყება, ვაქცინაციის დაჩქარება, საგადასახადო წნეხის შემცირება და ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირების შეწყვეტა.