LIVE

12 ბიზნეს ასოციაცია პრემიერს მიმართავს

22 აპრ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
12 ბიზნეს ასოციაცია პრემიერს მიმართავს

კერძო სექტორი პრემიერ-მინისტრს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივით მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობას ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ამასთან, ბიზნესი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

ბიზნესის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა, რესტორნების ფუნქციონირება შაბათ-კვირას, ტურისტული სეზონისათვის მზადების დაწყება, ვაქცინაციის დაჩქარება, საგადასახადო წნეხის შემცირება და ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირების შეწყვეტა.

დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია გვერდში დავუდგეთ მთავრობას რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნის საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა). 

ქვეყნის ეკონომიკა ნაწილობრივ წელიწადზე მეტია ჩაკეტილია და 6 თვე კი სრული ლოქდაუნი გვაქვს, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის  ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

 აუცილებელია:

1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი.

ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება 4-5 საათით ადრე, ამით ყოველ დღე ეკონომიკა მილიონობით ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.

2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება.

ასეთი მზადების მაგალითს აჩვენებს არაერთი ტურისტული ქვეყანა, მაგალითად თურქეთი. იმისათვის რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უნდა მივიღოთ უცხოელი ტურისტი. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით).

სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის  თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. პლიუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი.

იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელი როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა არადამაკმაყოფილებელია.

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რომელიც ყველაზე დაზარალებულია ამ კრიზისის დროს უნდა მოექცეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. ეს ეხება როგორც ზოგიერთი დარგების დოტირებას, ასევე საგადასახადო წნეხის ან მოხსნას ან მინიმუმ შემცირებას.

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედია საშუალებები, ისევე როგორც მთავრობა დაკავებულია მხოლოდ უარყოფით მესიჯების გაჟღერებით: ეპიდსიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკური კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობები და ა.შ.

ბატონო პრემიერო, თქვენს მიერ არის დაანონსებული რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბროდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომლის ავტორები შემდეგ ბიზნეს ასოციაციები არიან: „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია“, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია“, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია“, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია“, „საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია“, „საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია“.