LIVE

Mitsubishi 16,000 ერთეულით შეამცირებს წარმოებას, ჩიპების ნაკლებობის გამო

25 აპრ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
Mitsubishi 16,000 ერთეულით შეამცირებს წარმოებას, ჩიპების ნაკლებობის გამო
Bloomberg

მაისში, კომპანია Mitsubishi 16,000 ავტომობილით შეამცირებს წარმოებას, ჩიპების უკმარისობის გამო.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ იანვარში გლობალურად 90,745 ერთეული, ხოლო თებერვალში 88,754 მანქანა აწარმოა, შესაბამისად,  მაისში დაგეგმილი შეკვეცა, მთლიანი გამოშვების თითქმის მეხუთედს წარმოადგენს. Mitsubishi-მ მარტში განაცხადა, რომ შეამცირებდა ავტომობილების საშინაო გამოშვებას 4000-5000 ერთეულით და განიხილავდა აპრილში წარმოების გეგმებს.

ნახევარგამტარებზე გლობალური დეფიციტის გამო, მთელ მსოფლიოში იზრდება გაჩერებული ქარხნების სია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მიწოდების ჯაჭვის სირთულეები მძაფრდება. Jaguar-მა განაცხადა, რომ იგი შეაჩერებს წარმოებას დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ქარხანაში, ხოლო ფრანგულმა მწარმოებელმა Renault-მ განაცხადა, რომ დეფიციტი შეიძლება შემდეგ კვარტალშიც გაგრძელდეს. გერმანიის ავტო-ნაწილების მწარმოებელმა რობერტ ბოშმა ცნობა გაავრცელა, რომ საავტომობილო ინდუსტრიას მოუწევს გაუმკლავდეს „არადამაკმაყოფილებელ ვითარებას მრავალი შემდგომი თვის განმავლობაში”.

პანდემიის პერიოდში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ჩიპების წარმოებაზე, რადგან მათ პროდუქტებს მოიხმარდნენ ისეთი მოწყობილობებისთვის, როგორიცაა მობილური ტელეფონები და სათამაშო კონსოლები. ტეხასში ზამთრის ქარიშხლებმა და იაპონიაში, Renesas Electronics-ის საავტომობილო ჩიპების ქარხნაში ხანძარმა, კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Toyota-მ, მსოფლიოს უდიდესმა ავტომწარმოებელმა, ისე დაალაგა შესყიდვების სისტემები და შიდა პროცესები, რომ შედარებით დაკლებად ეზარალა შექმნილი ვითარებიდან, სხვა იაპონურ ფირმებს ასე არ გაუმართლათ. Subaru-მ ამ თვის დასაწყისში შეაჩერა ოპერაციები აშშ-ის საავტომობილო ქარხანაში, ხოლო Nissan აპრილში შეამცირებს ავტომობილის გამომუშავებას 3000 ერთეულით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიჰო ტაკეზავა