LIVE

ვაქცინის ერთი დოზით აცრა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას ამცირებს

25 აპრ 202111:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1614
ვაქცინის ერთი დოზით აცრა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას ამცირებს

კორონავირუსის გავრცელებას AstraZeneca-სა და Pfizer–ის ვაქცინების პირველივე დოზა ამცირებს. ამ დასკვნამდე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის ავტორები მივიდნენ.  

ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS) და ოქსფორდის უნივერსიტეტმა ანტისხეულების ძლიერი დონე ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოავლინა. ვაქცინებმა 75 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანების შემთხვევაში, ისეთივე წარმატებით იმუშავა, როგორც სხვა ჯგუფებთან.

კვლევა, რომელიც თავის მხრივ ორ გამოკვლევას აერთიანებს და 370 000 ადამიანის ტესტის შედეგებს ემყარება, აჩვენებს, რომ ორივე ვაქცინა ეფექტიანი იყო კენტის ვარიანტის (B117) მიმართ, რომელიც იმ პერიოდში ცირკულირებდა.

პირველი კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც Oxford-AstraZeneca-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველი დოზა გაუკეთეს, ახალი კორონავირუსით 65%-ით ნაკლებად დაინფიცირდნენ.

აცრიდან სამი კვირის შემდეგ, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში, სიმპტომური ინფექციები 74%-ით, ხოლო ასიმპტომური - 57%-ით შემცირდა. 

Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ, ინფექციისგან დაცვის მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. მსგავსი გამოთვლა ვერ მოხერხდა  AstraZeneca-ს შემთხვევაში, რადგან კვლევის პერიოდში მეორე დოზით აცრილების რიცხვი მცირე იყო.

დაკვირვებაზე დაყრდნობით, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ აცრებს შორის ინტერვალის გაზრდა შესაძლებელია. საუბარია, 12-კვირიან ვადაზე, რათა მოსახლეობის უფრო დიდმა ნაწილმა შეძლოს მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინის მიღება.  

მეორე კვლევაში, რომელშიც ერთი დოზით აცრილი თითქმის 46,000  ზრდასრული მონაწილეობდა, ტესტირების შედეგად ყველა ასკობრივ ჯგუფს ძლიერი ანტისხეულები აღმოაჩნდათ. მკვლევარების თქმით, ძლიერი ანტისხეულები 10 კვირის შემდეგაც შენარჩუნებული იყო. 

ამასთან, ხანდაზმულ ჯგუფებში, Pfizer-თან შედარებით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზის შემთხვევაში, ანტისხეულები უფრო ნელა და უფრო დაბალ დონემდე დაეცა. 

დამაიმედებელი მონაცემების მიუხედავად, კვლავ რჩება რისკი, რომ აცრილი ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს. ამიტომ მეცნიერები ვაქცინირებულ პირებს ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.