LIVE

მხარეები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ს შესაძლო დაბრუნებას მიესალმებიან

21 დეკ 202016:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 331
მხარეები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ს შესაძლო დაბრუნებას მიესალმებიან
Atta Kenare/AFP/Getty Images

საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ, სხვა მოლოდინებთან ერთად, ირანთან ბირთვული შეთანხმებაში ამერიკის დაბრუნების იმედი გააჩინა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის თქმით, ირანის ბირთვული შეთანხმება რჩება ”საუკეთესო იარაღად” თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად და ხელმომწერები მიესალმებიან შეთანხმებაში შეერთებული შტატების შესაძლო დაბრუნებას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.

ორშაბათს ვირტუალური მოლაპარაკებების შემდეგ, მაასმა და მისმა კოლეგებმა საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც მიესალმებიან აშშ-ს დაბრუნების პერსპექტივას.

თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი გაცილებით ფართოა და უკავშირდება მოლაპარაკების გზით ირანში ბირთვული პროგრამის შესახებ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავის გრძელვადიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ჯეიკ სალივანმა, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე. არჩეული პრეზიდენტის მიზანია, აიძულოს ირანი "დაუბრუნდეს შეთანხმებას" და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ახალი მოლაპარაკებები სხვა საკითხებზე.

2015 წელს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანმა ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება, რომელსაც ხელს, ასევე, აწერდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმაინია და რუსეთი, ირანში ურანის გამდიდრების კონტროლსა და შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 2018 წელს ამერიკამ შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს 2015 წლის მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, ამერიკის განმარტებით, ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების დარღვევა და არაეფექტიანობა გახდა. ორი წლის შემდეგ, ირანმა გამოაცხადა, რომ შეთანხმებას აღარ დაემორჩილება, ვიდრე შეთანხმებისგან საპასუხო სარგებელს არ მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან როჯერსი