LIVE

მერიის დახმარების მისაღებად კლუბების რეგისტრაციისთვის პორტალი ამოქმედდა

22 აპრ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 822
მერიის დახმარების მისაღებად კლუბების რეგისტრაციისთვის პორტალი ამოქმედდა

ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმ ზარალის კომპენსაცია, რომელიც ვნახეთ, მაგრამ შეღავათია,- ამის შესახებ კლუბ "ხიდის" მენეჯერმა, სოფი ებრალიძემ "ბიზნეს ფორმულას" მერიის მიერ დაანონსებულ დახმარების პაკეტთან დაკავშირებით განუცხადა. 

მერიამ ღამის კლუბებისა და კლუბებში დასაქმებულების დასახმარებლად 2 მილიონი ლარი გამოყო. ფინანსური დახმარებით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ. ასევე, მოხდება ელექტრონული მუსიკის სივრცეების საიჯარო თანხების სრული ან ნაწილობრივი მხარდაჭერა. 

როგორც "ხიდის" მენეჯერი აცხადებს, კლუბმა ბოლო ერთ წელში მილიონ ლარზე მეტით იზარალა და მუშაობის განახლების მოლოდინშია. 

"ველოდებით ქვეყნის მწვანე ზონად გამოცხადებას. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულში ღია სივრცეებში შევძლებთ ღონისძიებების გამართვას და შემოდგომიდან შევძლებთ დახურულ სივრცეებში დაბრუნებას",- აცხადებს სოფი ებრალიძე. 

ცნობისთვის, მერიის დახმარების მისაღებად სპეციალური ვებ-პორტალი მიმდინარე კვირას ამოქმედდა და რეგისტრაცია მომავალი კვირის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.