LIVE

ტერეზ რაფაელი: თევზჭერის კონფლიქტი და Brexit-ის ჭეშმარიტება

21 დეკ 202012:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
ტერეზ რაფაელი: თევზჭერის კონფლიქტი და Brexit-ის ჭეშმარიტება
Bloomberg L.P.

Brexit-ის შეთანხმების მთავარ დაბრკოლებად თევზჭერა რჩება, რომელიც გაცილებით უფრო კომპლექსური საკითხია, ვიდრე ის გვერდიდან ჩანს. ისტორიული კონტექსტი ეკონომიკურ ინტერესებზე დავას კიდევ უფრო ამძიმებს.  

ერთი შეხედვით, თევზჭერის ეკონომიკური წილი იმდენად მცირეა ორივე მხარისათვის, რომ შეუთანხმებლობა ერთ-ერთი მხარის მრიდან პროცესის ჩიხში შეყვანის მოტივზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის თევზი იყიდება, თევზჭერა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მხოლოდ 0,12% -ს შეადგენს და სექტორში მხოლოდ 24,000 ადამიანია დასაქმებული.

თევზჭერა Brexit-ის მომხრეებისთვის ტოტემურია, ხოლო ევროკავშირის სანაპირო ქვეყნებისთვის - პოლიტიკურად ფეთქებადი.

ევროკავშირს სურს გაერთიანებული სამეფოს სათევზაო წყლებზე წვდომა შეინარჩუნოს, რადგან ბრიტანეთის წყლებში დაჭერილი თევზისა და მოლუსკების ნახევარზე მეტი ევროკავშირის ნაპირზე გამოდის.  დიდ ბრიტანეთს კი სურს აღადგინოს კონტროლი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე (რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად სანაპიროდან 200 მილამდე გრძელდება) და გამოვიდეს ევროკავშირის მეთევზეობის საერთო პოლიტიკიდან, რომელიც ადგენს კვოტებს თევზის სახეობებსა და რაოდენობაზე.

ბრიტანეთს ამ საკითხში ბევრი ბერკეტი აქვს, თუმცა ევროკავშირის მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ "წყალში შესვლა" და "ბაზრებზე წვდომა" ერთმანეთს დაუკავშირა. შედეგად ევროკავშირს შეუძლია გააუქმოს ტარიფებსა და საქონლის ვაჭრობაზე შეღავათიანი რეჟიმი, თუ ის თევზჭერის საკითხის გადაწყვეტით უკმაყოფილო იქნება.

ევროპელი მეთევზეები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ ბრიტანეთის წყლებით. ბელგია ამტკიცებს, რომ  მათ 1666 წელს მეფე ჩარლზ II- მ განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა თევზჭერის უფლება. თავის მხრივ, ბრიტანეთმა 1973 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას თევზჭერის ინდუსტრიის ინტერესები შეწირა.

თევზჭერის დავები Brexit-ამდეც ხშირი იყო, ძალადობრივიც. მეოცე საუკუნეში NATO იძულებული გახდა ჩარეულიყო და დაემშვიდებინა სამხედრო კონფლიქტი ისლანდიისა და ბრიტანეთის სამხედრო გემებს შორის. გარდა ამისა, 2018 წელს დაპირისპირება მოხდა ბრიტანელ და ფრანგ მეთევზეებს შორის, ხოლო გასულ კვირას ოფიციალურმა ლონდონმა განაცხადა, რომ სამეფო ფლოტი Brexit-ის შემდეგი პერიოდისთვის მზადყოფნაში იქნება, ხოლო ფრანგი მეთევზეები ბლოკადით იმუქრებიან.

თევზჭერის საკითხზე შეუთანხმებლობა გაცილებით დიდ სავაჭრო გარიგებას შლის, რაც ბრიტანეთის ეკონომიკისთვის არა მხოლოდ მძიმე დარტყმა იქნება, არამედ ეს გაანადგურებს ინდუსტრიას, რომელსაც, საკუთარი მტკიცებით, ბორის ჯონსონი იცავს.

იმ შემთხვევაშიც, თუ ბრიტანეთი მოახერხებს ყველა კვოტის საკუთარ ზღვაში რეპატრიაციას, მას არ აქვს  თევზაობისა და წარმოებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ბრიტანეთის თევზჭერის 70% ექსპორტზე საფრანგეთში გადის. ტარიფების დაწესებასთან ერთად ბრიტანეთის ეკონომიკას დააზარალებს ინსპექტირების, ჯანდაცვის სერთიფიკატები, საექსპორტო დოკუმენტები, რაც დამპალი თევზით სავსე სატვირთო მანქანების რიგს გამოიწვევს.

ბრიტანელების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირში მათი კვოტის ნახევარი ინგლისის დროშის ქვეშ მცურავი ისლანდიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის გემებზეა. ბრიტანეთს სურს მის სანაპიროზე მეტი თევზის გადამუშავებით დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას. ინდუსტრიის ლობისტები კიდევ უფრო შორს მიდიან და მთავრობისგან უცხოური გემების აკრძალვას მოითხოვენ.

საკვანძო როლს თამაშობს შოტლანდიაც, რომელზეც კვოტის 60% მოდის და განსხვავებით ბრიტანეთისგან, საკუთარი გემებით თევზაობენ. სათევზაო წყლებზე კონტროლის დაბრუნება შოტლანდიელი კონსერვატორების მთავარი დაპირება იყო. ნაციონალური პარტია სულ უფრო მეტად ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, ბორის ჯონსონი კი ცდილობს, რომ შოტლანდიამ ვერ გამოიყენოს კომპრომისი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

განსხვავებების მიუხედავად, თევზჭერის დავა ქმნის კომფორტულ ფონს მოლაპარაკების სხვა თემებისთვის, სადაც ფსონი გაცილებით დიდია. ორივე მხარეს სჭირდება ერთმანეთი, ხოლო საზღვაო ხელშეკრულების გადახედვა და შეცვლა მომავალშიც გახდება შესაძლებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტერეზ რაფაელი