LIVE

გერმანიაში ღორის აფრიკული ცხელების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

21 აპრ 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1927
გერმანიაში ღორის აფრიკული ცხელების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში ღორის აფრიკული ცხელების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყნიდან ღორის ხორცის ექსპორტი შემცირდა, რითაც ამერიკელმა და სხვა ევროპელმა ექსპორტიორებმა ისარგებლეს. ხორცის შემსყიდეველებმა, როგორებიცაა ვიეტნამი და სინგაპური, გერმანიიდან ხორცის მიღებასთან დაკავშირებული აკრძალვები შეამსუბუქეს, მაგრამ ჩინეთმა ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. Rabobank-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პეკინი შეზღუდვებს მინიმუმ წლის შუა რიცხვებამდე მოხსნის. ჩინეთი გერმანული ღორის ხორცის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. გასულ წელს მან იმაზე მეტი ხორცი მიიღო, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანამ ერთად. 

ღორის აფრიკული ცხელების შემთხვევა გერმანიაში გასული წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ამ დრომდე, შემთხვევების რაოდენობა 1 016-მდე გაიზარდა. სავარაუდოდ, აფეთქება მალე არ დასრულდება, რამდენადაც მეზობელ პოლონეთში ინფიცირების ჯერ კიდევ მრავალი შემთხვევაა. 

“ყოველ კვირას რამდენიმე ახალი შემთხვევა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ სიტუაციის კონტროლზე საუბარი ნაადრევია",- განაცხადა AMI-ს მეცხოველეობის ანალიტიკოსმა, ტიმ კოხმა.

გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთისა და გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ახლახან ისაუბრეს და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. გერმანული ღორის ხორცის საბითუმო ფასი ინფექციის აფეთქებისთანავე რეკორდულად შემცირდა, იმ მიზნით, რომ ქვეყანას ხორცის ჭარბი მარაგი ევროკავშირში გაეყიდა.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების პარალელურად, ფერმერებს საკვების გაზრდილ ფასთან გამკლავება უჭირთ.

სავარაუდოდ, ღორის ხორცის ექსპორტზე დაწესებული რეგულაციები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექცია დამარცხებულად გამოცხადდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი