LIVE

J&J-ი ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას განაახლებს

20 აპრ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 537
J&J-ი ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას განაახლებს

Johnson & Johnson-ი ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას განაახლებს. “ევროპის წამლის სააგენტო” (EMA) აცხადებს, რომ აცრის უპირატესობა რისკს აღემატება. 

სააგენტომ ის შეფასება გაიმეორა, რაც AstraZeneca-ს შემთხვევაში გააკეთა. მარეგულირებელი ორგანო აცხადებს, რომ ვაქცინების გამოყენებას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ყველა ამ შემთხვევის უკან აღუწერელი ტკივილი დგას. ეს ვაქცინები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”,- განაცხადა EMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა. 

EMA-ს შეფასებით, თრომბოზის შემთხვევები უნდა იყოს ვაქცინის გვერდითი მოვლენების ჩამოთვლილში, როგორც ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, რათა ექიმებმა და პაციენტებმა ყურადღება გამოიჩინონ საფრთხისშემცველ ნიშნებზე. 

სააგენტოს გადაწყვეტილება ევროკავშირის მთავრობებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ შეზღუდავენ თუ არა მის გამოყენებას გარკვეული ასაკის პაციენტებში, როგორც ეს AstraZeneca-ს შემთხვევაში მოხდა. 

EMA აცხადებს, რომ ვაქცინების თრომბოზის შესაძლო შემთხვევებთან კავშირის შესწავლას აგრძელებს. 

ამ ეტაპზე J&J-ის გამოყენება აშშ-ში შეჩერებულია. გაგრძელდება თუ არა ვაქცინაცია მისი გამოყენებით, სავარაუდოდ, პარასკევს გახდება ცნობილი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მისი რაიმე ფორმით შეზღუდვა. 

ამ ვაქცინით აშშ-ში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ვაქცინის მიღებიდან სამი კვირის განმავლობაში, თრომბის წარმოქმნის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი 60 წელზე ნაკლები ასაკისაა და უმრავლესობა ქალია. 

ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, არ განაახლებენ კონტრაქტებს AstraZeneca-სთან და Jonson & Jonson-თან და მათ ნაცვლად, უპირატესობას mRNA ვაქცინებს მიანიჭებენ. ასეთებია Pfizer/BioNTech-სა და Moderna-ს ვაქცინები. ევროკავშირმა Pfizer-ს დამატებითი დოზები უკვე შეუკვეთა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე