LIVE

ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას ენდობიან

16 აპრ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 849

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას და გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა.

ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევრობონდების გამოშვებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელში 350 მილიონ ლარს დაზოგავს.

„ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 2,75% არის განაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი და მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორები ძირითადად, წარმოდგენილნი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით, ჩვენ შევქმენით ახალი, მართლაც ისტორიული ნიშნული, ე.წ. ბენჩმარკი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრი განმარტავს, დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა (“B+”დან “BB” მდე).

ცნობისთვის, ახალი ევრობონდების გამოშვებით საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი დაფარა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ვადიანობის ევრობონდების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი 6.875%-ს შეადგენდა. ახალი ევრობონდების ემისიის პროცესში სამი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. ასევე, თანამონაწილის სტატუსით ჩართული იყო ორი ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი: Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი.