
გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრიი მელნიკმა დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე სამხედრო იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდება.
„ჩვენი მონაცემებით, 90 000-მდე სამხედრო და შეიარაღებული სისტემა განლაგებულია ოკუპირებულ ყირიმში და დონბასის რეგიონში. ეს მობილიზება მხოლოდ ძალის დემონსტრირება არ არის. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის ჯარების ყველაზე დიდი გადაადგილებაა“,- განუცხადა გერმანიაში უკრაინის ელჩმა Deutschlandfunk-ს.
მელნიკის თქმით, უკრაინას დასავლეთის მხრიდან არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ სამხედრო აღჭურვილობაც სჭირდება, ხოლო გერმანიას, დიპლომატის აზრით, შეუძლია უარი თქვას მორალიზაციის პოლიტიკაზე.
ელჩის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან სამხედრო შეტევის აღსაკვეთად ერთადერთი გზაა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალ ან ზეგ პუტინი თავს არ დაგვესხას. ამის ერთადერთი შესაძლებლობაა, უკრაინა საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი. უკრაინა 2014 წელს NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, ვითარება არასოდეს მივიდოდა ანექსიამდე და აღმოსავლეთ ნაწილში საშინელ ომამდე“,- აღნიშნავს ის.
ამასთან, ელჩმა უკრაინისთვის ბირთვული ქვეყნის სტატუსის დაბრუნება არ გამორიცხა.
“უკრაინას სხვა გზა არ აქვს: ჩვენ გავხდებით NATO-ს მსგავსი ალიანსის წევრი და ჩვენი მხრიდან გავაძლიერებთ ევროპას, ან ერთადერთი ვარიანტი რჩება - შეიარაღება და შესაძლოა კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ბირთვულ სტატუსზე. სხვაგვარად როგორ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი?“,- აღნიშნა მან.