
რუსული ობლიგაციები გასული წლის მარტის შემდეგ, ყველაზე მეტად დაეცა. აშშ-ს დაანონსებულმა სანქციებმა კი, რომელიც ქვეყნის ადგილობრივ ვალს ემუქრება, რუბლის გაუფასურება გამოიწვია. ამასთან, რუსეთის ბაზარზე პანდემიით გამოწვეული არეულობის პიკის შემდეგ, რუბლის სესხზე საპროცენტო განაკვეთი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა.
რაც შეეხება აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ქვეყნის დაგეგმილი ღონისძიებები აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სუვერენული აქტივების მართვის ფონდის მიერ გამოშვებული ახალი სესხების პირველად ბაზარში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს.
მოსკოვის ITI Capital-ის სტრატეგის, ისკანდერ ლუჩკოს თქმით, სანქციები მთავრობის მიერ გამოშვებულ კუპონურ ობლიგაციებზე, ბაზრისთვის სიახლე იქნება.
”აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოახდენს რუსეთის ხელისუფლება რეაგირებას - თუ ის მდუმარე იქნება, მაშინ ბაზრები უკან დაბრუნდება, მაგრამ თუ ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდება და მკაცრი რიტორიკა გაგრძელდება, მაშინ ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება",- აცხადებს ლუჩკო.
ის, რაც ბაზრებისთვის ძალიან დიდ რისკად მიიჩნეოდა- სანქციები ობლიგაციებზე- რეალობად იქცა მას შემდეგ, რაც უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის ჯარის განლაგებამ დასავლეთთან დაძაბულობა გამოიწვია. რუს ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ჯარიმები, შესაძლოა უკვე ხუთშაბათს გამოცხადდეს, რაც კრემლის სავარაუდო გადაცდომებზე, მათ შორის SolarWinds-ის გატეხვასა და აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე პასუხი იქნება.
რუსი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ობლიგაციებზე სანქციებმა რუსეთის ფინანსურ ბაზრებს დიდი ზიანი არ უნდა მიაყენოს, რადგან ადგილობრივი ბანკები და უცხოელი ინვესტორები ამის წინააღმდეგ იმოქმედებენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს აშშ-ს ბანკების აკრძალვამ ახალი რუსული ევროობლიგაციების ყიდვის შესახებ, კრემლის უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა ნაკლებად დააზიანა.
ვაჭრობის დაწყებისთანავე მოსკოვში 10 წლიან რუბლის ობლიგაციებზე სარგებლის განაკვეთი 7,23%-მდე გაიზარდა, რაც აგვისტოს შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 2.1%-ით შემცირების შემდეგ, რუბლი კიდევ 1,3 %-ით გაუფასურდა და 1 დოლარზე 76,85 შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთის საორიენტაციო MOEX საფონდო ინდექსს, ის 0.8%-ით შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანია ანდრიანოვა და კირა ზავიალობა