LIVE

თურქეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს

15 აპრ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1501
თურქეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს
AP Photo

"თურქეთი არ ირჩევს მხარეს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში და მხარს უჭერს საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე.

გასულ შაბათ-კვირას ანკარაში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა ვითარებას საგანგაშო უწოდა და მხარეებს ესკალაციის დასასრულებლად დახმარება შესთავაზა.

მოგვიანებით რუსეთმა თქვა, რომ თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა არ უნდა გამოკვებონ „საბრძოლო განწყობები“ უკრაინაში. ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს წევრ თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

„ჩვენ ერთნაირად მოვუწოდებთ ორივე ქვეყანას, რომ საკითხები მშვიდობიანად გადაწყდეს. ჩვენ არ ვირჩევთ მხარეებს ქვეყნებს შორის. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: დაბალანსებული და კონსტრუქციული“,- აღნიშნა მან.

თურქეთმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარა რუსეთთან სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების დროს, ასევე თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში, მაგრამ გააკრიტიკა ყირიმის ანექსია და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მან 2019 წელს უკრაინას სამხედრო დრონებიც გადასცა.

თურქეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნიდა შავ ზღვაში, რასაც რუსეთმა არამეგობრული პროვოკაცია უწოდა. ამის შემდეგ, თურქეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა გადაწყვეტილება შეცვალა.