LIVE

პანდემიამ Silknet-ს მობილური ინტერნეტიდან შემოსავლები გაუზარდა

14 აპრ 202116:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
პანდემიამ Silknet-ს მობილური ინტერნეტიდან შემოსავლები გაუზარდა

COVID-19-თან დაკავშირებულმა ლოქდაუნმა Silknet-ს მობილური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით, 66.3 მილიონ ლარამდე გაუზარდა.

სამაგიეროდ, კომპანია გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა შემოსავლის ტრადიციული წყაროების ნაწილში. კერძოდ, მობილური ხმოვანი ზარებიდან შემოსავალი 2.5%-ით შემცირდა 103.2 მილიონ ლარამდე, ხოლო სმს-ებიდან მიღებული შემოსავალი - 27.5%-ით, 9.2 მილიონ ლარამდე.

მობილურ სეგმენტზე ნეგატიურად აისახა ტურიზმის შემცირებაც, როუმინგ სერვისებზე მოთხოვნის კლების გამო.

Galt & Taggart-ის თანახმად, საერთო ჯამში, კომპანიამ 2020 წელს შემოსავლის სახით 382.2 მილიონი ლარი მიიღო (-1.3% წინა წელთან შედარებით).

კონკურენცია ტელეკომ ბაზარზე გასულ წელსაც საკმაოდ მძაფრი იყო. Silknet-მა საკუთარი წილი 36,5%-მდე გაზარდა მობილურ სეგმენტში, თუმცა მაგთიკომს მაინც ბაზრის სოლიდური 45.5% უკავია მობილურ შემოსავლებში.

რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, აქ მაგთიკომმა 19,000 ახალი აბონენტის დამატება შეძლო რეგიონებში გაფართოების ხარჯზე. შედეგად მისი წილი ამ ბზარზე 48.9%, ხოლო სილკნეტმა მხოლოდ 5,000 აბონენტის დამატება შეძლო.

ინტერნეტ ტელევიზიის ნაწილში, სილკნეტს 18,000 აბონენტი შეემატა, ხოლო მაგთიკომის აბონენტთა რიცხვი ძირითადად უცვლელი დარჩა.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, Silknet-ს მიმდინარე წელს დაბალი, ერთნიშნა ზრდა ექნება შემოსავლებში იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენის ტემპები შეფერხებულია.

სუსტი ლარი კვლავ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად რჩება კომპანიისთვის, რადგან მისი ვალდებულებების 74% უცხოურ ვალუტაშია. გასულ წელს კურსის ცვალებადობის გამო კომპანიამ 88.1 მილიონი ლარი იზარალა, მაშინ როცა 2019 წელს ეს ზარალი 35.8 მილიონი ლარი იყო.