LIVE

ფინანსურ მრჩეველს, რომელიც ბებიის ქონებით თაღლითურად ვაჭრობდა, ბროკერობა აეკრძალა

14 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
ფინანსურ მრჩეველს, რომელიც ბებიის ქონებით თაღლითურად ვაჭრობდა, ბროკერობა აეკრძალა
Bloomberg

ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, JPMorgan Chase-ის ყოფილ ფინანსურ მრჩეველს, რომელსაც მისი მდიდარი ბებიის აქტივებით თაღლითურად ვაჭრობაში ედება ბრალი, მაკონტროლებელმა ბროკერად მუშაობა აუკრძალა.

ევან შოტენშტეინი ბრალდებას არც აღიარებს და არც უარყოფს, თუმცა ის დათანხმდა სანქციას მას შემდეგ, რაც Finra-მ დაასკვნა, რომ შონტენშტეინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა მან კანონი ბევერლი შოტენშტეინის 80 მილიონი დოლარის მართვის დროს, როდესაც ქალი JPMorgan-ის კლიენტი იყო.

ევან შოტენშტეინმა ასევე უარი თქვა Finra-ს გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე.

ევან შოტენშტეინი და მისი უმცროსი ძმა, ავი შოტენშტეინი, JPMorgan-იდან 2019 წელს გაათავისუფლეს. ეს მას შემდეგ, რაც ძმები და ბანკი ბებიამ მის შეუტყობინებლად, ქონების სარისკო ინვესტიციებში ჩადებაში დაადანაშაულა, რათა მათ მაღალი ანაზღაურება და საკომისიოები მიეღოთ. ქალმა ასევე განაცხადა, რომ მისი სახელი ფინანსურ დოკუმენტებზე გაყალბებულია. შოტენშტეინების წინააღმდეგ 69 მილიონი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით, საარბიტრაჟო საქმე აღიძრა.

თებერვალში საარბიტრაჟო კოლეგიამ ბევერლი შოტენშტეინის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაასკვნა რომ ძმებმა და J.P Morgan-მა გადააჭარბეს თავის ფინანსურ მოვალეობებს და განახორციელეს თაღლითური წარმომადგენლობა. არბიტრაჟმა ბანკი და ევან შოტენშტეინი მოხუცის მიმართ არასწორ მოპყრობაშიც სცნო დამნაშავედ.

JPMorgan-ს და ბანკირ ძმებს ბევერლი შოტენშტეინისთვის დაახლოებით 19 მილიონი დოლარის გადახდა დაევალათ.

Finra-ს სააღსრულებო განყოფილებამ, რომელსაც ფინანსური მრჩევლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება აქვს, ბრალდებების გამოძიება უკვე დაიწყო.

”დრო იყო. სწორედ ეს დაიმსახურა”,- ამბობს ბევერლი შოტენშტეინი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ შონბერგი