აშშ-ის ჯარი ავღანეთს 11 სექტემბერს დატოვებს. ინფორმაციას ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები მედიასთან ადასტურებენ. განცხადების გაკეთებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 14 აპრილს აპირებს.
ჯარის გაყვანის ახალი თარიღი 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე განხორციელებული ტერაქტის 20 წლისთავს ემთხვევა.
აშშ-სა და NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თალიბები ძალადობის შემცირების შესახებ ვალდებულებას არ ასრულებენ და აფრთხილებენ მათ, რომ ჯარის გაყვანის ეტაპზე თავდასხმის შემთხვევაში, „ძლიერ პასუხს მიიღებენ“.
ჯარის გაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს 2020 წლის თებერვალს, ნათქვამია, რომ აშშ და მოკავშირეები 14 თვის განმავლობაში გაიყვანენ სამხედრო დანაყოფებს, თუ თალიბები სამშვიდობო მოლაპარაკებებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.
ისლამისტურმა მოძრაობამ საერთაშორისო ძალებზე თავდასხმები შეაჩერა, თუმცა ავღანეთის მთავრობასთან ბრძოლას განაგრძობს.
არსებობს შიში, რომ უცხოური სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა და თალიბები ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოახერხებენ.