LIVE

ახალი ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ ოფიციალურად გამოცხადება ხვალ იგეგმება

12 აპრ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
ახალი ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ ოფიციალურად გამოცხადება ხვალ იგეგმება

2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი ევროობლიგაციების გამოშვების ოფიციალური გამოცხადება ხვალ იგეგმება.

ამასთან, სამინისტროში ელიან, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების განაკვეთზე დაბალი იქნება.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს, გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები. ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს. ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას. მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)“,- აღნიშნულია განცხადებაში.