LIVE

საქართველოს $500 მილიონიანი ვალი ახალი ევროობლიგაციებით არ დაიფარება

12 აპრ 202109:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1041
საქართველოს $500 მილიონიანი ვალი ახალი ევროობლიგაციებით არ დაიფარება

დღეს საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა უნდა დაფაროს, რომელიც $500 მილიონს შეადგენს. მთავრობა ვალის დაფარვას ახალი ობლიგაციების გამოშვებით გეგმავდა, თუმცა როგორც „ბიზნეს ფორმულას“ TBC Capital-ის ხელმძღვანელმა, მერი ჩაჩანიძემ განუცხადა, ჯერჯერობით ახალი ევროობლიგაციების გამოშვების თარიღი გამოცხადებული არ არის. შესაბამისად, დღეს ევროობლიგაციებით გადახდა ვერ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამომდე, ახალი ევროობლიგაციების ემისიაში საქართველოდან ჩართულ საინვესტიციო ბანკებს - TBC Capital-ს და Galt & Taggart-ს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეფინანსირება დღეს არ მოხდება.

ვინაიდან მთავრობამ რეფინანსირება გადაიფიქრა, 10 წლის წინ აღებული ვალის დაფარვის ერთადერთ ალტერნატივად ბიუჯეტის ნაშთის გამოიყენება რჩება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს და განმარტებას არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ძველი ევროობლიგაციების ახალი ემისიით გასტუმრებაზე მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმაც იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარად, ქვეყანა შეძლებდა სავალუტო რეზერვების შენარჩუნებას.

მარტშივე, ახალი ევროობლიგაციების გამოსაშვებად ფინანსთა სამინისტრომ სამი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი შეარჩია: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. თანამონაწილის სტატუსით პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები: Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი ჩაერთნენ.