LIVE

100 დღე Brexit-დან - გამართლდა თუ არა პროგნოზები?

09 აპრ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
100 დღე Brexit-დან - გამართლდა თუ არა პროგნოზები?

გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებიდან 100 დღე გავიდა. გაფრთხილებები საკმაოდ მძიმე იყო. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ რეცესიას, უძრავ ქონებაზე ფასების მტკივნეულ ვარდნასა და ექსპორტის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევდა.

Brexit-მა უკვე გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები, რაც მხოლოდ პანდემიასთან არ არის დაკავშირებული. გამოყოფის ეფექტის სრულად აღქმას უფრო მეტი დრო დასჭირდება: ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის მიღმა ბრიტანეთსა და ბლოკს შორის ვაჭრობა შეფერხებულია, მაგრამ ზიანის სრული ზომა ცხადი არ იქნება, სანამ ბიზნესი სრულად არ განახლდება პანდემიასთან დაკავშირებული გახსნა-ჩაკეტვის შემდეგ.

თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, ზოგიერთი პროგნოზი გადაჭარბებული აღმოჩნდა.

მოკლევადიანი დარტყმა:

2016 წლის რეფერენდუმამდე გამოქვეყნებულ მოხსენებაში, სახაზინო დეპარტამენტი პროგნოზირებდა, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ მოლოდინი ორი წლის განმავლობაში ეროვნული შემოსავლის 3,6%-ით შემცირებას, 520 000 მეტი ადამიანის უმუშევრობასა და უძრავ ქონებაზე ფასების 10%-ით ვარდნას გამოიწვევდა.  

პროგნოზი არ გამართლდა. 2018 წლის ივნისისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 3%-ზე მეტით გაიზარდა, უმუშევრების რაოდენობა 280,000-ით, უძრავ ქონებაზე ფასები საშუალოდ 7%-ით გაიზარდა.

ამის შემდეგ დაიწყო პანდემია. 2020 წელს ქვეყნის GDP 10%-ით შემცირდა, რაც 1709 წლის შემდეგ ყველაზე ღრმა ვარდნაა. ეკონომიკა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა გასული წლის გაზაფხულის პირველი ლოქდაუნის დროს მიყენებული უზარმაზარი ზარალისგან.

ცხოვრების ღირებულების ზრდა:

2016 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ ყველა მოქალაქეს ბროშურა გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ ევროკავშირის დატოვება ცხოვრების ღირებულების ზრდას გამოიწვევდა, რადგან გირვანქის გაუფასურება იმპორტის შეამცირებდა. გაერთიანებული სამეფოს იმპორტის დაახლოებით ნახევარი ევროკავშირიდან მოდის.

2017 წლის ნოემბერში ინფლაციამ ბოლო 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. 

სახაზინო დეპარტამენტის პროგნოზით, თუ დიდი ბრიტანეთი დატოვებდა ევროკავშირს და შეძლებდა სავაჭრო გარიგების დადებას ბლოკთან, 15 წლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა 4,6%-7,8%-ით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში.

Brexit-მა რეფერენდუმის შემდეგ, უკვე შეამცირა ეკონომიკა 1.4%-ით. ახლა სახაზინო დეპარტამენტი პროგნოზირებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში GDP 4%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში.

ექსპორტის შემცირება:

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ევროკავშირის დატოვება კომპანიებს გაურთულებდა ბლოკში საქონლის ექსპორტს და ბიზნესისთვის ხარჯების ზრდას გამოიწვევდა.

ეს გაფრთხილება სწორი აღმოჩნდა. გაერთიანებული სამეფოს კომპანიები გართულებული ბიუროკრატიის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგალითად, მათ სჭირდებათ სპეციალური სერტიფიკატები საქონლის ევროკავშირში გასატანად. იანვარში კონტინენტზე განხორციელებული ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 41%-ით შემცირდა.

ფინანსების გადინება:

ლონდონის კომპანიებს აფრთხილებდნენ, რომ Brexit-ი სამუშაო ადგილების დაკარგვის ტალღას გამოიწვევდა. საბუღალტრო კომპანია PricewaterhouseCoopers-ის პროგნოზით, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში 100 000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა.

რეალურად, პროგნოზი არ გამართლდა და გაცილებით ნაკლები სამუშაო ადგილი გადავიდა ევროკავშირში: EY-ის საკონსულტაციო სამსახურის თანახმად, მარტიდან 7,600 სამუშაო ადგილი გადავიდა ევროკავშირში.

თუმცა, გადინება შეიძლება გაიზარდოს, თუ ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, რაც გაერთიანებული სამეფოს კომპანიებს ერთიან ბაზარზე წვდომას დაუბრუნებს.

იმავდროულად, საბანკო გიგანტებმა, როგორებიცაა JPMorgan და Goldman Sachs ასობით მილიარდი ევრო გადაიტანეს ბლოკის ახალ ან გაფართოებულ ჰაბში.

ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS):

კამპანიამ Leave გააკეთა ნაკლებად სპეციფიკური და კონკრეტული პროგნოზები Brexit-ის ეკონომიკური სარგებლობის შესახებ, თუმცა გამორჩეულია ერთი კონკრეტული დაპირება: ბრიტანეთისთვის კვირაში 350 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადამისამართების ვალდებულება, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს გაუგზავნა ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურისთვის.

ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული სამეფოს წმინდა ყოველკვირეული შენატანი ევროკავშირში, მხოლოდ 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ამ გადახდის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის საჯარო სექტორის ხარჯების სახით.

Brexit-ის შემდეგ, უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში ბრიტანეთს ევროკავშირში დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის გაგზავნა მოუწევს. ფინანსური კვლევების ინსტიტუტის თანახმად, Brexit–ის უარყოფითი გავლენა GDP-სა და საგადასახადო შემოსავლებზე, სავარაუდოდ, გადაწონის ბლოკის შემოწირულობების დასრულებისას ხარჯების დაზოგვის ეფექტს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯო მეიესი და ენდრიუ ატკინსონი